Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მთავრობა ანაკლიის პორტის ასაშენებლად „უფრო სერიოზული“ ინვესტორის მოძიების პროცესს იწყებს


მაია ცქიტიშვილი
მაია ცქიტიშვილი

საქართველოს მთავრობა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ასაშენებლად "უფრო სერიოზული“, „ფინანსურად უფრო ძლიერი“ ინვესტორის მოძიების პროცესს იწყებს- ამის თაობაზე 9 იანვარს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან განაცხადა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა.

„ამ საინვესტიციო ხელშეკრულების შედეგად, 2020 წლის ბოლოსთვის უკვე უნდა გვქონოდა ოპერირებაში პორტი, როგორც ხედავთ ამ პერიოდის გასვლის შემდეგ ეს შედეგი ვერ მივიღეთ და ამის პერსპექტივაც არ ჩანს. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ამით არის განპირობებული ამ კონკრეტულ ინვესტორთან ხელშეკრულების შეწყვეტის და უფრო სერიოზული, უფრო ფინანსურად ძლიერი ინვესტორის მოძიების პროცესში შესვლა, რომელიც უზრუნველყოფს იმ შედეგს, რაც ჩვენ ყველას გვჭირდება.

ეს პორტი საქართველოს სჭირდება, შესაბამისად, ჩვენ დავიწყებთ ახალი პარტნიორის ძიებას იმისთვის, რომ ეს პროექტი განხორციელდეს სწრაფად და მივიღოთ ის შედეგი, რაც ჩვენს ქვეყანას სჭირდება“, - განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა.მისი თქმით, პროექტში დასავლელი პარტნიორის ყოლა მთავრობისთვის პრიორიტეტული იქნება:

"ჩვენთვის პირველ რიგში არის და იქნებოდა სასურველი ამერიკელი და დასავლელი ინვესტორი. ჩვენთვის, ბუნებრივია, ვერ იქნება მისაღები ისეთი ინვესტორი, რომელიც შეიძლება იყოს შეუთავსებელი ჩვენს სტრატეგიულ ინტერესებთან, როდესაც ვსაუბრობთ არა მხოლოდ სტრატეგიულ ობიექტზე, არამედ ობიექტზე, რომელიც განთავსებულია შავ ზღვაზე და უსაფრთხოების კომპონენტებით ხასიათდება. გამორიცხული იქნება ისეთი ინვესტორი, რომელიც შეუთავსებელი იქნება ჩვენს სტრატეგიულ ინტერესებთან, რადგან პორტს აქვს არა მხოლოდ ეკონომიკური, ასევე უსაფრთხოების განზომილებაც“ ,- განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

საქართველოს მთავრობა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის საინვესტიციო ხელშეკრულების გაწყვეტის პროცედურებს იწყებს. როგორც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ ვერ შეასრულა საინვესტიციო ხელშეკრულების 7 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებები.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს თანახმად, "ანაკლიის განვითარების კონსორციუმს" პორტის მშენებლობის პირველი ფაზის დაფინანსების ვადა 2017 წლის აგვისტოს შემდეგ რამდენჯერმე გადაუვადდა. ბოლო ვადა 2019 წლის 31 დეკემბერი იყო. მის ამოწურვამდე მთავრობა კონსორციუმისგან ელოდებოდა:

- 120 მილიონი დოლარის ოდენობის საკუთარი კაპიტალის მოზიდვაზე პოტენციურ ინვესტორებთან ხელმოწერილ სავალდებულო ხელშეკრულებებს;

- საერთაშორისო ბანკებთან ხელმოწერილ წინასწარ შეთანხმებებს 400 მილიონი დოლარის სესხების მოზიდვაზე იმ პირობებით, რომლებიც მისაღები იქნება საქართველოს მთავრობისთვის.

"ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" თანადამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე საქართველოს მთავრობას ადანაშაულებს პროექტის განხორციელების მიზანმიმართულად შეფერხებაში.

XS
SM
MD
LG