Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტი ირანს უსამძიმრებს


აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის შენობა
აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის შენობა

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა სამძიმარი გამოუცხადა ირანელი გენერლის, ყასემ სოლეიმანის ოჯახს, ირანის ხელისუფლებას და ირანელ ხალხს. დე ფაქტო პარლამენტი გმობს ბაღდადის აეროპორტში ჩადენილ „სახელმწიფო ტერორიზმის უპრეცედენტო აქტს, რომელმაც კაცობრიობა მიიყვანა მორიგი მსოფლიო ომის ზღვარზე“.

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, „აშშ-მა ჩაიდინა ტერორისტული აქტი მოქმედი საერთაშორისო ნორმების და საყოველთაოდ აღიარებული საერთაშორისო სამართლის პრინციპების დარღვევით და აჩვენა მსოფლიო პოლიტიკის სხვა მოთამაშეების პოზიციების და საერთო საკაცობრიო ფასეულობების სრული იგნორირება.“ დე ფაქტო პარლამენტი საერთაშორისო ორგანიზაციებს მოუწოდებს, დაგმონ „რეგიონში იმის გაჩაღებისკენ მიმართული ტერორისტული აქტი“.

„ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ შემადგენლობაში მყოფი „ყუდსის ძალების“ სარდალი, გენერალი ყასემ სოლეიმანი 3 იანვარს მოკლეს აშშ-ის პრეზიდენტის ბრძანებით, ბაღდადის აეროპორტთან განხორციელებული საჰაერო იერიშის შედეგად.

სამხედრო ოპერაციის შემდეგ დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მოკლულია მსოფლიოში „ნომერ პირველი ტერორისტი“, რომელიც ბოლო 20 წლის განმავლობაში ახლო აღმოსავლეთში დესტაბილიზაციას უწყობდა ხელს და ამერიკელ დიპლომატებსა და სამხედროებზე თავდასხმებს გეგმავდა. გენერალ სოლეიმანის მკვლელობის გამო, ირანი აშშ-ს შურისძიებით დაემუქრა.

XS
SM
MD
LG