ირანის რევოლუციური გვარდიის სარდალი დაიმუქრა, რომ „ცეცხლს მისცემს“ დაუკონკრეტებელ ადგილებს, რომლებსაც აშშ უჭერს მხარს. მუქარა მოჰყვა აშშ-ის საჰაერო იერიშის შედეგად მაღალი რანგის ირანელი სამხედროს, გენერალ ყასემ სოლეიმანის მოკვლას. გენერალ-მაიორმა ჰოსეინ სალამიმ მუქარა 7 იანვარს გამოთქვა ათასობით შეკრებილის წინაშე ქალაქ ქერმანში, მოკლული გენერლის დაკრძალვის ცერემონიაზე.
მგლოვიარეები ქერმანში - სოლეიმანის მშობლიურ ქალაქში - შავებში იყვნენ მოსილი და ხელში ეჭირათ სოლეიმანის პორტრეტები.
მას მერე, რაც 3 იანვარს აშშ-მა სპეცოპერაციის შედეგად მოკლა 62 წლის სოლეიმანი, რომელსაც მნიშვნელოვანი როლი მიუძღოდა უცხოეთში ირანის სამხედრო ოპერაციებში, კიდევ უფრო დაიძაბა ურთიერთობები თეირანსა და ვაშინგტონს შორის.
„ჩვენ შურს ვიძიებთ. ჩვენ ცეცხლს მივცემთ ნებისმიერ ადგილს, სადაც კი უნდათ,“ თქვა სალამიმ. ხალხმა უპასუხა შეძახილებით: „სიკვდილი ისრაელს!“ ისრაელი ირანის დიდი ხნის მოქიშპეა რეგიონში.
6 იანვარს ირანის უზენაესმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ იტირა ყასემ სოლეიმანის კუბოსთან. ირანის პოლიციის ცნობით, სამგლოვიარო პროცესიაზე თეირანის ქუჩებში რამდენიმე მილიონმა ადამიანმა მოიყარა თავი. ამ რიცხვის დამოუკიდებელი წყაროებით დადასტურება არ მოიპოვება.
გენერლის მოკვლამდე ცოტა ხნით ადრე ვაშინგტონმა სოლეიმანის ბრალი დასდო ერაყში აშშ-ის სამხედროების მოკვლაში და ახალი თავდასხმების ორგანიზებაში. სოლეიმანი დრონიდან გაშვებული რაკეტით მოკლეს ბაღდადის აეროპორტის მახლობლად.