Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტოლტენბერგი: „ალიანსი ერთსულოვნად გმობს ირანის მხრიდან ტერორისტული ჯგუფების მხარდაჭერას“


იენს სტოლტენბერგი
იენს სტოლტენბერგი

ახლო აღმოსავლეთში შექმნილი დაძაბული ვითარების გარშემო 6 იანვარს ბრიუსელში გაიმართა ნატოს წევრი ქვეყნების ელჩების საგანგებო შეხვედრა, რომელზეც ატლანტიკური ალიანსის ყველა მოკავშირემ მხარი დაუჭირა ვაშინგტონის ბოლო ქმედებას ირანის რეჟიმის წინააღმდეგ. ამის შესახებ ნატოს ელჩების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა.

„ალიანსი ერთსულოვნად გმობს ირანის მხრიდან სხვადასხვა ტერორისტული დაჯგუფებების მხარდაჭერას. ახალი კონფლიქტი არავის ინტერესში არ უნდა შედიოდეს. ამიტომ ირანმა თავი უნდა შეიკავოს შემდგომი ძალადობისა და პროვოკაციებისგან“, - დასძინა იენს სტოლტენბერგმა.

„როიტერსის“ თანახმად, ნატოს ელჩების შეხვედრაში ვიდეო კონფერენციის ფორმატში ღებულობდნენ მონაწილეობას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისა და თავდაცვის სამინისტროს მაღალი რანგის მოხელეები, რომლებმაც ნატოელ დიპლომატებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს 3 იანვარს, ერაყის ტერიტორიაზე განხორციელებული საავიაციო დარტყმის შესახებ, რაც ირანის გავლენიანი გენერლის, ყასემი სოლეიმანისა და მის თანმხლები პირების განადგურებით დასრულდა.

ამასთანავე, ნატოელი მოკავშირეები თეირანს მოუწოდებენ „თავშეკავებისა და დეესკალაციისკენ“.

ირანის ხელისუფლება აცხადებს, რომ იგი შურს იძიებს სოლეიმანისა და მასთან ერთად დაღუპული სხვა მოწამეთა გამო.

3 იანვარს, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ბრძანებით, ამერიკელმა სამხედროებმა საჰაერო იერიში განახორციელეს ერაყის დედაქალაქ ბაღდადის საერთაშორისო აეროპორტთან, სადაც ირანელი გენერალი ყასემ სოლეიმანი იმყოფებოდა. 62 წლის სოლეიმანი „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ შემადგენლობაში მყოფი „ყუდსის ძალების“ სარდალი იყო. „ყუდსი“ უცხოეთის ქვეყნებში მოქმედებს.

XS
SM
MD
LG