Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მამუკა ხაზარაძე: სრული სიცრუეა, თითქოს ჩვენ ვერ შევასრულეთ პირობები


მამუკა ხაზარაძე
მამუკა ხაზარაძე

პოლიტიკური გაერთიანება „ლელოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ ანაკლიის პროექტი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ აუცილებლად განხორციელდება.

„ანაკლიის პორტს ვერ ჩაშლის ვერავინ, მიუხედავად ბიძინა ივანიშვილის დიდი მცდელობისა“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებთან კომენტარში. იგი ამბობს, რომ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობა სიმართლეს არ შეესაბამება:

„ის, რომ თითქოს ჩვენ ვერ შევასრულეთ პირობები, სრული სიცრუეა. რუსეთიდან არის დავალება, რომ ბიძინა ივანიშვილმა ყველა მეთოდით გააჩეროს ანაკლიის პროექტი.

ჩვენ გამოვიყენებთ ყველა კანონიერ გზას, რომ დავიცვათ ამ პროექტში ჩადებული უცხოური ინვესტიციები.

მე საზოგადოებას დავპირდი, რომ ანაკლიის პროექტი, ქალაქი ანაკლია აუცილებლად აშენდება „ქართული ოცნების" ხელისუფლებიდან გაშვების შემდეგ. მინდა მოსახლეობას ვუთხრა - არ დაიჯეროთ ზღაპრები, რასაც ისინი გვიყვებიან. არსებობს ინვესტორიც, არსებობს ინვესტირებული მილიონობით თანხა, არსებობს ბანკებიდან მოზიდული თანხები და ანაკლიას ავაშენებთ აუცილებლად“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

დღეს, 31 დეკემბერს, იწურება მთავრობის მიერ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმისთვის“ ვალდებულებების შესრულებისთვის მიცემული ვადა. კონსორციუმმა უნდა წარადგინოს პოტენციურ ინვესტორებთან 120 მილიონი დოლარის კაპიტალის შევსების თაობაზე შეთანხმების, ასევე საერთაშორისო ბანკებთან 400 მილიონი დოლარის ოდენობის სესხის გამოყოფის თაობაზე შეთანხმების მიღწევის ხელშეკრულებები.

შესასრულებელ ვალდებულებებს შორისაა ასევე პირველი ფაზის ტერმინალის ოპერატორსა და პირველი ფაზის სამშენებლო სამუშაოების კონტრაქტორთან ხელშეკრულების გაფორმება და ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის 20 მილიონი დოლარის საბანკო გარანტიის წარდგენა.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ვალდებულებების შესრულების გადავადება უსასრულოდ ვერ გაგრძელდება.

XS
SM
MD
LG