Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ადვოკატი: "შეგნებულად იქმნება ისეთი ფონი, თითქოს, ადგილი ჰქონდა ქუჩურ შელაპარაკებას"


ამირან გიგუაშვილი
ამირან გიგუაშვილი

ცოტნე გამსახურდიას ადვოკატი, ამირან გიგუაშვილი, მიზანმიმართულ კამპანიას უწოდებს ერთ-ერთი მოწმის ჩვენების გასაჯაროებას, რომლის მიხედვითაც ცოტნე გამსახურდია ღვინის ხარისხზე წარმოქმნილი უთანხმოების გამო დაჭრეს.

„ეს ყველაფერი ძალიან ჰგავს მიზანმიმართულ კამპანიას, რომელიც ქმნის ისეთ ფონს, თითქოს, ადგილი ჰქონდა ქუჩურ თუ სუფრულ შელაპარაკებას ღვინოზე. არ შემიძლია ამ საკითხზე მკვეთრად უარმყოფელი ან დამადასტურებელი კომენტარის გაკეთება. პირველ რიგში, ჯერ უნდა გავეცნო საქმის მასალებს, რომელსაც დღეს საღამოს მივიღებ მას შემდეგ, რაც აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს სასამართლო, მაგრამ ყველაზე დიდი მოლოდინი გვაქვს თავად ცოტნეს ჩვენებასთან მიმართებით. როდესაც ის შეძლებს გამოძიებისათვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებას, ამით ნათელი მოეფინება ყველაფერს. საბედნიეროდ, გვაქვს იმის მოლოდინი, რომ გამოჯანმრთელდება და თავის წილ ინფორმაციას მიაწვდის როგორც გამოძიებას, ასევე საზოგადოებას“, - უთხრა ამირან გიგუაშვილმა რადიო თავისუფლებას.

საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსმა“ 22 დეკემბერს გამოაქვეყნა ცოტნე გამსახურდიას მკვლელობის მცდელობის საქმეზე დაკითხული ერთ-ერთი პირის, მ.ხ.-ს ჩვენება, რომლის მიხედვითაც, გამსახურდია და საქმეში ფიგურანტი პირები ერთ სუფრაზე მოხვდნენ, პირველი პრეზიდენტის შვილმა მათ „კარგი ღვინის მიტანა“ შესთავაზა, თუმცა ღვინო სუფრის წევრებს არ მოეწონათ, რამაც ცოტნე გამსახურდია გაანაწყენა.

ამირან გიგუაშვილის თქმით, დაცვის მხარეს აქვს ძალიან ბევრი კითხვა დანაშაულში მონაწილეობის ხარისხთან დაკავშირებით.

„ვგულისხმობ როგორც მოწმეებს, ასევე ბრალდებულებს. ვინ რა ხარისხით მიიღო მონაწილეობა დანაშაულში, ძალიან დეტალურ შესწავლას საჭიროებს. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც გავეცნობით მასალებს. ყველა კითხვაზე უნდა მივიღოთ პასუხი. ვერავინ აარიდებს თავს ამ კითხვებს“, - ამბობს ადვოკატი, რომლის თქმითაც, ცოტნე გამსახურდიას მდგომარეობა კვლავ სტაბილურად მძიმეა, მაგრამ, როგორც ექიმები ამბობენ, გაუარესების დინამიკა არ შეინიშნება.

ცოტნე გამსახურდიას დამამძიმებელ გარემოებაში, ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობაში 2 პირი - გიორგი სოლოღაშვილი (ქვათაძე) და ტატო ღარიბაშვილია მიცემული, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით კი დაკავებულია 3 პირი: კახა ჩხეტიანი, პეტრე ყუფარაძე, თორნიკე ქვათაძე.

დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო 22 დეკემბერს იმსჯელებს

XS
SM
MD
LG