ცხივნალში დაიწყო ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ე.წ. სასამართლო პროცესი. როგორც ადგილიდან იუწყება რადიო თავისუფლების კორესპონდენტი, მიუხედავად იმისა, რომ პროცესი ღია უნდა ყოფილიყო, სასამართლო დარბაზში არავინ შეუშვეს. ჟურნალისტს თავად ვაჟა გაფრინდაშვილი არ დაუნახავს, მაგრამ, როგორც ატყობინებენ, ქართველი ექიმი სასამართლოს სხდომათა დარბაზში იმყოფება.
საქმეს განიხილავს „ლენინგორის რაიონის“ (ახალგორი) დე ფაქტო სასამართლო, რომელიც სხდომებს ცხინვალში ატარებს. წინა, დახურულ სხდომაზე, რომელიც 13 დეკემბერს ჩატარდა, დე ფაქტო მოსამართლე ფატიმა პარასტაევამ ვაჟა გაფრინდაშვილი ორთვიან წინასწარ პატიმრობაში დატოვა.
ექიმის ინტერესებს იცავს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის დახმარებით მოწვეული ვლადიკავკაზელი ადვოკატი ვლადიმერ ფიდაროვი.
რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ცნობილი ექიმი-ტრავმატოლოგი ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს, ახალგორის რაიონში დააკავეს. ექიმის ოჯახი ვარაუდობს, რომ ვაჟა გაფრინდაშვილს ახალგორში დაშავებული ადამიანისთვის დახმარების გაწევა სურდა.
დე ფაქტო ხელისუფლებამ ვაჟა გაფრინდაშვილს ე.წ. სახელმწიფო საზღვრის განზრახ დარღვევის ბრალდება წაუყენა რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 322-ე მუხლით, რომელიც ითვალისწინებს 200 000 რუბლით დაჯარიმებას, ორ წლამდე იძულებით სამუშაოებს, ან ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას. 15 ნოემბერს, ე.წ. ლენინგორის სასამართლომ ვაჟა გაფრინდაშვილს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
თვე-ნახევარზე მეტი ხნის განმავლობაში, „წითელი ჯვრის“ საერთაშორისო კომიტეტის დახმარებით, ოჯახმა ვაჟა გაფრინდაშვილისგან მიიღო მხოლოდ ორი წერილი - პირველი 18 და მეორე 28 ნოემბერს. ექიმი ცოლ-შვილს მოკლედ წერდა, რომ თავს ნორმალურად გრძნობს.
ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გაიმართა არაერთი აქცია. ქართველი ექიმის გათავისუფლებას მოითხოვენ საერთაშორისო ორგანიზაციები და დასავლეთის სახელმწიფოები.
საქართველოს ხელისუფლებამ უკანონო პატიმრობიდან ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება მოითხოვა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის 50-ე რაუნდზეც, რომელიც 10-11 დეკემბერს გაიმართა. ექიმის გათავისუფლების საკითხი ნოემბრის ბოლოს განიხილებოდა პრაღაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრის, გრიგორი კარასინის შეხვედრაზეც.
დეკემბრის შუა რიცხვებში, მოსკოვიდან დაბრუნებული, პარტია „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე აცხადებდა, რომ ვაჟა გაფრინდაშვილს 13 დეკემბერს გაათავისუფლებდნენ.