Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ემპათია“ ლუკა სირაძის საქმის წამების მუხლით წარმართვას მოითხოვს


მარიამ ჯიშკარიანი
მარიამ ჯიშკარიანი

არასამთავრობო ორგანიზაცია წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი „ემპათია“ სახელმწიფო ინსპექტორს მოუწოდებს, 15 წლის ლუკა სირაძის თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმის გამოძიება წარიმართოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე პრიმა მუხლით, რაც ადამიანის წამებას გულისხმობს.

„ემპათიის“ ხელმძღვანელის, მარიამ ჯიშკარიანის თანახმად, 15 წლის ლუკა სირაძის სუიციდის ფაქტი დროში კავშირში იმყოფება პოლიციაში დაკითხვის ფაქტთან, რაც, დიდი ალბათობით, მიუთითებს იმაზე, რომ დაკითხვისას, როგორც მინიმუმ, ფსიქოლოგიური წამების მეთოდები იქნა გამოყენებული.

„ამჟამად გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლით, რაც გულისხმობს ჩვენების მიცემის დროს იძულებას და ითვალისწინებს 5-დან 9 წლამდე პატიმრობას, მაგრამ ამ შემთხვევაში, ჩვენ ჩავატარეთ მონიტორინგი და იკვეთება წამებისთვის დამახასიათებელი ყველა ნიშანი, გაეროს წამების საწინააღმდეგო კონვენციის მიხედვით.

ყველანაირი კრიტერიუმი წამების, სახელმწიფო მოხელეების მიერ ამ საქმეში იკვეთება. მასზე შესაძლოა, ფიზიკური ზეწოლა არ განხორციელებულა, მაგრამ ფსიქოლოგიური მეთოდების გამოყენება მიუთითებს წამებაზე“, - განაცხადა მარიამ ჯიშკარიანმა.

15 წლის მოზარდის საქმეზე გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი 17 დეკემბერს დააკავეს. დაკავებისას ის შეუძლოდ გახდა. ის კლინიკაში გადაიყვანეს.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ხელმძღვანელის ლონდა თოლორაიას თქმით, 15 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმეზე ჩოლოიანი სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ბრალდებით არის დაკავებული, რაც ჩვენების მიცემის იძულებას გულისხმობს.

15 წლის ლუკა სირაძე, რომელიც რამდენიმე დღის წინ, თვითმკვლელობის მიზნით მეცხრე სართულიდან გადახტა, 17 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

თვითმკვლელობის მცდელობამდე მოზარდი „მწვანე სკოლაში“ კედლებზე წარწერების გაკეთების ფაქტზე გამოკითხეს დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის პირველ განყოფილებაში.

12 დეკემბერს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს მიმართა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ადვოკატმა, რომელიც მიუთითებდა პოლიციის განყოფილებაში არასრულწლოვნის მიმართ იძულების ფაქტზე.

XS
SM
MD
LG