Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბოკუჩავა ოხანაშვილს: თქვენი უკანონო დავალების შესრულებისას ჟურნალისტების დაზიანდნენ


პარლამენტის წევრმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ თინა ბოკუჩავამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დააყენა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი: „გამომდინარე იქიდან, რომ თქვენ გაეცით უკანონო დავალება, რომლის შესრულებისას დაზიანდნენ ჟურნალისტები და ოპერატორები“.

ბოკუჩავამ ოხანაშვილს „ძალადობაზე დავალების გამცემი“ უწოდა.

„ძალადობაზე ნაცმოძრაობა ნუ გველაპარაკება. თქვენი ადგილი იცოდეთ. მოძალადები ხართ თავიდან ფეხებამდე. ნიკა მელიას გაესაუბრეთ, ძალადობა რას ნიშნავს და გეტყვის“, - მიმართა ოხანაშვილმა ბოკუჩავას.

სიტყვიერი დაპირისპირება რამდენიმე წუთს გრძელდებოდა. „რას გევხარ, შეხედე შენ თავს“, - ამ სიტყვებით მიმართა თინა ბოკუჩავას „ქართული ოცნების“ უმრავლესობის წევრმა, შოთა ხაბარელმა. შეურაცხყოფის გამო ბოკუჩავამ ზომების მიღება საპროცედურო საკითხთა კომიტეტისგან მოითხოვა.

ამ დაპირისპირებას წინ უძღოდა ტექნიკური შესვენება, რომელიც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილთან დამოუკიდებელი დეპუტატის ეკა ბესელიას დაპირისპირებას მოჰყვა. შესვენების დროს მანდატურებმა ჟურნალისტებს სხდომათა დარბაზის დატოვება მოთხოვეს და ერთ-ერთი მათგანი, "ტაბულა"-ს ჟურნალისტი თაკო ერაძე დარბაზიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს. მედიის წარმომადგენლები დარბაზში დაბრუნებას ცდილობდნენ, თუმცა მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა დარბაზის კარი დაუხურეს.

XS
SM
MD
LG