Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის საგარეო უწყება ნინო ბურჯანაძესთან გამართული შეხვედრის შესახებ ცნობას აქვეყნებს


5 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ანდრეი რუდენკო პარტია „ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარეს ნინო ბურჯანაძეს შეხვდა, - იტყობინება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრაზე განხილული იყო რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების მდგომარეობა და პერსპექტივები. მათი ინფორმაციით, რუსულმა მხარემ დაადასტურა საქართველოსთან ურთიერთობის ნორმალიზაციით დაინტერესება, მათ შორის, ორ ქვეყანას შორის ავიარეისების აღდგენის მიმართულებით.

როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნავს, მნიშვნელოვანია, რომ თბილისში ჰქონდეთ უფრო პასუხისმგებლობის მქონე მიდგომა რუსეთთან ურთიერთობის აღდგენის საკითხში.

„საქართველოში მიმდინარე ვითარების განხილვისას ხაზგასმით იყო აღნიშნული, რომ იქ განვითარებულ მოვლენებს მოსკოვში ამ ქვეყნის შიდა საქმედ აფასებენ.

რუსეთი სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევისგან პრინციპულად იკავებს თავს.

ჩვენ დაინტერესებულები ვართ, რომ საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში იყოს მშვიდობა და სტაბილურობა“, - მიუთითებს რუსეთის საგარეო უწყება.

ნინო ბურჯანაძე და ანზორ ბიწაძე 3 დეკემბერს გამთენიისას მოსკოვში გაემგზავრნენ. როგორც პარტია „ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის“ პრესსამსახურმა რადიო თავისუფლებას უთხრა, ვიზიტი თვე-ნახევრის წინ დაიგეგმა.

სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვლია" გმობს ყოველგვარ ერთი-ერთზე ფორმატს რუსეთთან, იმის მიუხედავად, ხელისუფლება იქნება მისი მონაწილე, თუ რომელიმე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი.

XS
SM
MD
LG