Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოძრაობა „სირცხვილია" ნინო ბურჯანაძის მოსკოვში ვიზიტის შესახებ განცხადებას ავრცელებს


„გვსურს, გამოვეხმაუროთ ნინო ბურჯანაძის ვიზიტს მოსკოვში:

მოძრაობა #სირცხვილია ანტისაოკუპაციო პროტესტით დაიწყო. მიგვაჩნდა და მიგვაჩნია, რომ ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება” ქართველი ხალხის გაცხადებული ნების წინააღმდეგ მიდის და საქართველოს რუსული ორბიტისკენ აბრუნებს", - ნათქვამია სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიას"განცხადებაში, რომელიც „ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერის ნინო ბურჯანაძის მოსკოვში ვიზიტს ეხება.

როგორც „სირცხვილიას" წარმომადგენლები აღნიშნავენ,მათ საქართველოსთვის ეგზისტენციური საფრთხის სამუდამოდ ასარიდებლად გადაწყვიტეს მოეთხოვათ პროპორციული არჩევნები, რომელიც მომავალში გამორიცხავდა რომელიმე ერთი – წარსულის, აწმყოს ან მომავლის ხელისუფლების მიერ სახელმწიფოს მიტაცებასა და მისი საშინაო და საგარეო პოლიტიკის თვითნებურად განსაზღვრას.

„ჩვენს მოთხოვნას და საზოგადოების ხანგრძლივ დაკვეთას, გვქონოდა უფრო სამართლიანი, დემოკრატიული და წარმომადგენლობითი საარჩევნო სისტემა, შემოუერთდა ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი. შეიქმნა ფორმატი „ერთად ერთის წინააღმდეგ“ - სამოქალაქო საზოგადოების მიერ ორგანიზებულ მასობრივ აქციებში პოლიტიკოსებიც ჩაერთნენ.

ჩვენ მივესალმებით პოლიტიკური სპექტრის მრავალფეროვნებასა და განსხვავებულობას. მნიშვნელოვანია, რომ სხვადასხვა იდეოლოგიის მქონე პარტიები ახერხებენ, ჰქონდეთ საკუთარი დღის წესრიგი და ამავდროულად სიტუაციური მოკავშირეები იყვნენ პროპორციული არჩევნების მოსაპოვებლად ბრძოლაში. თუმცა, არსებობს წითელი ხაზები, რომელთა გადაკვეთის შემდეგ, ვიტოვებთ უფლებას, ვიყოთ ხისტები და კრიტიკულები როგორც კონკრეტული პოლიტიკური სუბიექტების, ასევე მათთან ერთობაში მყოფი სხვა ძალების მიმართ", - აღნიშნავენ აქტივისტები.

„სირცხვილია", როგორც ანტისაოკუპაციო მოძრაობა წითელ ხაზად ოკუპანტი ქვეყნის ხელისუფლებასთან კოლაბორაციას ასახელებს.

„ჩვენ ვგმობთ ყოველგვარ ერთი-ერთზე ფორმატს რუსეთთან, იმის მიუხედავად, ხელისუფლება იქნება მისი მონაწილე, თუ რომელიმე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი. ოკუპანტ ქვეყანასთან საუბარი უნდა ხდებოდეს მხოლოდ ჩვენი დასავლელი პარტნიორების ჩართულობითა და მედიაციით.

მიგვაჩნია, რომ ცალკეული პოლიტიკოსების ვიზიტები რუსეთში ოკუპანტი ქვეყნის ხელისუფლებასთან კონფიდენციალური მოლაპარაკებებისთვის ზიანს აყენებს ქვეყანას, პროპორციული არჩევნების მოთხოვნის გარშემო გაერთიანებული საზოგადოებისა და პოლიტიკური ძალების საერთო მიზანს და ემსახურება ბიძინა ივანიშვილისა და რუსეთის ინტერესს, ბზარი შეიტანოს სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკური სპექტრის ერთიანობაში", - მიიჩნევს „სირცხვილია".

ნინო ბურჯანაძე და ანზორ ბიწაძე 3 დეკემბერს გამთენიისას მოსკოვში გაემგზავრნენ. როგორც პარტია „ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის“ პრესსამსახურმა რადიო თავისუფლებას უთხრა, ვიზიტი თვე-ნახევრის წინ დაიგეგმა და მის ფარგლებში ნინო ბურჯანაძე მოსკოვში შეხვდება როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის წარმომადგენლებს, შეხვედრების თემა კი რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების მოწესრიგების პერსპექტივები და ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების საკითხი იქნება.

XS
SM
MD
LG