რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ დანარჩენ საქართველოსთან ე.წ. საზღვარზე გადასვლის აკრძალვა მოხსნა ახალგორის რაიონის იმ მცხოვრებთათვის, რომლებსაც გადაუდებელი სამედიცინო დახმარება სჭირდებათ.
დე ფაქტო პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის პრესსამსახურის ინფორმაციით, გადაწყვეტილება მიიღეს „უშიშროების საბჭოს“ სხდომაზე, რომელსაც ბიბილოვი ხელმძღვანელობდა: „სამხრეთ ოსეთის უშიშროების საბჭომ გადაწყვიტა სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის რაზდახანის პუნქტიდან საქართველოში გამგზავრების ნება დართოს ლენინგორის რაიონის დასახლებული პუნქტების მცხოვრებთ, რომლებიც შეყვანილნი არიან მთავრობის 119-ე დადგენილებაში, არ აქვთ სამხრეთ ოსეთის და რუსეთის მოქალაქეობა და სჭირდებათ გადაუდებელი ან მაღალტექნოლოგიური სამედიცინო დახმარება, რომლის გაწევაც შეუძლებელია სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე“.
დე ფაქტო უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებითვე, „ლენინგორის რაიონის მცხოვრებთ, რომლებსაც არ აქვთ სამხრეთ ოსეთის და რუსეთის მოქალაქეობა, პენსიის მიღების პირობების შესაქმნელად აღრიცხვაზე აიყვანენ სამხრეთ ოსეთის საპენსიო ფონდში“.
დე ფაქტო მთავრობის ე.წ. 119-ე დადგენილებით, იმ პირებს, რომლებსაც არ აქვთ „სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობა“ და ადგილობრივი პენსია და სამედიცინო მომსახურება სჭირდებათ, ე.წ. საზღვარზე გადასვლა სპეციალური საშვით შეუძლიათ.
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ ახალგორის რაიონთან ე.წ. საზღვარი 4 სექტემბერს დაკეტა. ეს იყო ერთ-ერთი პასუხი ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანასთან ქართული პოლიციის საგუშაგოს გახსნაზე.
ოქტომბრის ბოლოს, საოკუპაციო ძალებმა ე.წ. საზღვარზე არ გაატარეს ახალგორის რაიონის მცხოვრები მარგო მარტიაშვილი, რომელსაც, სავარაუდოდ, ინსულტის გამო სჭირდებოდა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება და ოჯახს პაციენტის გადაყვანა სურდა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე. მარგო მარტიაშვილი 28 ოქტომბერს გარდაიცვალა.
დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ, ახალგორის რაიონის მცხოვრებმა თამარ გიგაურმა ჭაში ჩავარდნის შედეგად მძიმე ტრავმები მიიღო, თუმცა, ოჯახის თხოვნის და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის "ცხელი ხაზის" ამოქმედების მიუხედავად, ე.წ. საზღვარზე არც ის გაატარეს.
ახალგორის რაიონთან ე.წ. საზღვრის დაკეტვის გამო ადგილობრივ მცხოვრებთ მესამე თვეა შეზღუდული აქვთ წვდომა საქართველოს მოქალაქის პენსიასა და განათლების მიღებაზე ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე მდებარე სასწავლებლებში.