Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლაშა ჩხარტიშვილს 8-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს


თბილისის საქალაქო სასამართლომ განიხილა 29 ნოემბერს ეროვნულ ბიბლიოთეკასთან გამართულ დემონსტრაციაზე დაკავებული „ლეიბორისტული პარტიის“ წევრის, ლაშა ჩხარტიშვილის საქმე.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, ჩხარტიშვილს 8-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს.

მოსამართლე ვალერიანე ფილიშვილმა ლაშა ჩხარტიშვილი სასამართლოს შეურაცხყოფისთვის 300 ლარითაც დააჯარიმა და თავისი სასამართლოს სხდომიდან გააძევა.

ჩხარტიშვილის ადვოკატმა ია სირანაშვილმა რადიო თავისუფლებასთან საუბარში სასამართლო პროცესი ასე შეაფასა: „ამას ლობიოს სამართალი დავარქვი“.

პოლიტიკოსის ინტერესების დამცველი განმარტავს, რა იგულისხმება მის სიტყვებში: „აქციაზე ლაშა ჩხარტიშვილს ეჭირა მუჭით ლობიო და ჰაერში აყარა. თითქოს ამით შეურაცხყოფა მიაყენა იქვე მყოფ სამართალდამცველებს. მართალია, მოსამართლემ სამართალდამრღვევად არ ცნო ლობიოს ნაწილში, მაგრამ ლობიოდან წარმოქმნილი ვითომ სამართალდარღვევის ფაქტის გამო, პოლიციამ ის დააკავა, რა დროსაც თითქოს ჩხარტიშვილმა წინააღმდეგობა გაუწია სამართალდამცავ ორგანოებს“.

ია სირანაშვილის თქმით, ლაშა ჩხარტიშვილი გამართლდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით (წვრილმანი ხულიგნობა), თუმცა 173-ე მუხლით (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობაა) ის სამართალდამრღვევად ცნეს.

„ალოგიკური გადაწყვეტილებაა. თუ მას სამართალდარღვევა არ ჩაუდენია, მაშინ, რისთვის აკავებდნენ“, - განმარტავს ადვოკატი.

ეროვნულ ბიბლიოთეკასთან მიმდინარე დემონსტრაციაზე სულ 6 პირი დააკავეს.

პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციიდან ოპოზიციის წარმომადგენლებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა ეროვნული ბიბლიოთეკის მიმდებარე ტერიტორიაზე მას შემდეგ გადაინაცვლეს, რაც შეიტყვეს, რომ ბიბლიოთეკაში მიმდინარე ღონისძიებას იუსტიციის მინისტრი, ვიცე-პრემიერი თეა წულუკიანი ესწრებოდა.

აქტივისტებისა და ოპოზიციის წარმომადგენელთა პროტესტი 2020 წლისთვის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის შეუსრულებელ დაპირებას უკავშირდება.

XS
SM
MD
LG