რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი, ზურაბ აბაშიძე, უარყოფს რუსული მედიით გავრცელებულ ცნობას თბილისში რუსული ენისა და კულტურის ცენტრის გახსნის შესახებ.
პრაღაში გამართული კარასინ-აბაშიძის მორიგი რაუნდის დასრულების შემდეგ, რუსეთის წარმომადგენელმა, გრიგორი კარასინმა, რუსულ სააგენტო „რია ნოვოსტისთან“ საუბარში განაცხადა, რომ თბილისში რუსული ენისა და კულტურის ცენტრი დეკემბერის შუა რიცხვებში გაიხსნება, რაც რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობების განვითარებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.
ასეთი ცენტრის გახსნის შესახებ ცნობას უარყოფს ზურაბ აბაშიძე.
„ჩვენი საუბრის დროს კარასინმა ახსენა მოკლე კომენტარით, რომ თბილისში არსებულ სავიზო ცენტრში, რომელიც კომერციული სტრუქტურაა, რუსეთი აპირებს რუსული ენის სწავლების კურსის გახსნას ასევე კომერციულ საწყისებზე. მე მას ვუპასუხე, რომ თბილისში ჩასვლის შემდეგ გავერკვეოდი ამ საკითხში. ეს არის და ეს. რაიმე ცენტრის შესახებ საუბარი არ ყოფილა“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ რადიო თავისუფლებასთან კომენტარში.
ხუთთვიანი პაუზის შემდეგ, 28 ნოემბერს, პრაღაში გაიმართა კარასინ-აბაშიძის შეხვედრის მორიგი რაუნდი. შეხვედრის მთავარი საკითხები იყო ცხინვალის ციხეში მყოფი ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის, გათავისუფლების საკითხი და ვითარება საოკუპაციო ზოლის გასწვრივ.