პრაღაში დაიწყო რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის და რუსეთის წარმომადგენლის, ფედერაციის საბჭოს წევრის, გრიგორი კარასინის შეხვედრა. რუსეთის წარმომადგენელს იმედი აქვს, რომ მხარეები მოახერხებენ ქვეყნებს შორის დაძაბული ურთიერთობების ჩიხიდან გამოყვანას.
"სამწუხაროდ საქართველოში კვლავ დუღს შიდა პოლიტიკური სიტუაცია, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ეს არ აისახება ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებზე"- განაცხადა გრიგორი კარასინმა პრაღაში, სასტუმრო „ავგუსტინეში“ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელ ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრის წინ.
მან ჟურნალისტებს ასევე უთხრა, რომ არ იცის თუ როდის გაათავისუფლებს ცხინვალის დე-ფაქტო რეჟიმი ქართველ ექიმს ვაჟა გაფრინდაშვილს. როგორც რადიო თავისუფლების სპეციალური კორესპონდენტი პრაღიდან იტყობინება, კარასინმა გაიმეორა წინა დღით რუს ჟურნალისტებთან ნათქვამი და იმედი გამოთქვა, რომ „მალე გადაიჭრება“ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაპატიმრებით შექმნილი ვითარება.
„ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს მოხდება, მაგრამ როდის, ეს არ არის ჩემთვის დასასმელი შეკითხვა. საქმე ის გახლავთ, რომ ჟენევის დისკუსიის ფარგლებში შექმნილია ყველა აუცილებელი მექნიზმები: ინცინდენტების პრევენციის მექანიზმი, ცხელი ხაზი, ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეების პერიოდული ვიზიტები რეგიონში, თბილისიდან ცხინვალსა და სოხუმში. და სწორედ ეს მექანიზმები უნდა გამოიყენონ იმისათვის, რომ გადაიჭრას მსგავსი პრობლემები ისე, რომ არ გადავაქციოთ ისინი საერთაშორისო სკანდალად,“ - განაცხადა გრიგორი კარასინმა.
რუსი დიპლომატი, საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტიდან მისი გადაყენების მიუხედავად, მაინც ინარჩუნებს საქართველოსთან მთავარი მომლაპარაკებლის სტატუსს.
„ამჯერად ჩვენ პრაღაში ერთმანეთს ვხვდებით კარგი სამუშაო განწყობით. მთავარი ამოცანაა, გამოვიყვანოთ ჩვენ ორმხრივი ურთიერთობა იმ ჩიხიდან, რომელშიც ის შეიყვანეს იმ დემონსტრაციებმა, განცხადებებმა და უხეშობამ, რომელიც გამოიხატა ჩემი ქვეყნის, რუსეთის მიმართ ამა წლის ივნის-ივლისში. ამისთვის, ვფიქრობ, რომ გაგვაჩნია შესაძლებლობა. სამწუხაროდ საქართველოში კვლავ დუღს შიდა პოლიტიკური სიტუაცია, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ეს არანაირად არ აისახება ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებზე. ჩვენ ყველაფერი გაქვს საიმისოდ, რომ მშვიდად გამოვიყვანოთ ეს ურთიერთობები ჩიხიდან.“ - ამბობს გრიგორი კარასინმა. რადიო თავისუფლების შეკითხვაზე, კვლავ აპირებს თუ არა გაუგზავნოს საქართველოს გამაფრთხილებელი მესიჯი ნატოსთან დაკავშირებით, გრიგორი კარასინმა აღნიშნა, რომ „ყველაფერი იქნება. დღის წესრიგი სრულია".