Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტის მიმდებარე ქუჩები დაიკეტა


დილიდან პოლიციელების სიმრავლეა საქართველოს პარლამენტთან. მათ საკანონმდებლო ორგანოს შენობის მიმდებარე ქუჩები რკინის კედლებით გადაკეტეს. რკინის კონსტრუქციები დგას ჩიტაძის და ძმები ზუბალაშვილების ქუჩებზე. გადაკეტილია ინგოროყვას ქუჩიდან ჩიტაძის ქუჩისკენ მიმავალი გზაც.

სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები დღეს კვლავ აპირებენ პარლამენტის შენობის პიკეტირებას.

დილის 10 საათიდან პარლამენტში დანიშნულია ჯერ იურიდიულ საკითხთა, შემდეგ კი ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტების სხდომები, ხოლო 12 საათზე პარლამენტის პლენარული სხდომა.

ბოლო ორი კვირის განმავლობაში საპოლიციო ძალებმა ორჯერ, 18 და 26 ნოემბერს დაშალეს პარლამენტის შესასვლელებთან მიმდინარე პიკეტირების აქციები. გამოყენებული იყო წყლის ჭავლი. პოლიციამ ორი აქციის დროს, საერთო ჯამში, 65 ადამიანი დააკავა ხულიგნობის და სამართალდამცავთა კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ბრალდებით.

სამოქალაქო აქტივისტებმა და ოპოზიციურმა პარტიებმა საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყეს, რაც 14 ნოემბერს პარლამენტმა ვერ მიიღო „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილება, რომელიც 2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას ითვალისწინებდა.

XS
SM
MD
LG