აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ ირანში საპროტესტო აქციების მონაწილეებს მოუწოდა, სახელმწიფო დეპარტამენტში გაგზავნონ პროტესტის ამსახველი ფოტოები და ვიდეოები. მან აღნიშნა, რომ ვაშინგტონი თეირანის წინააღმდეგ სანქციებს შემოიღებს აქციების მონაწილეთა მიმართ ძალადობისა და მათი დევნის გამო.
ტვიტერზე დაწერილი ეს განცხადება პომპეომ სპარსულადაც გაიმეორა. მან ირანელებს მოუწოდა, მტკიცებულებები პროგრამა Telegram-ის მესინჯერით გაგზავნონ.
პომპეოს ტვიტის შემდეგ აშშ-მა სანქციები დაუწესა ირანის კომუნიკაციების მინისტრს მისი როლისთვის „ინტერნეტის ფართო ცენზურაში“. აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მოჰამად ჯავად აზარი-ჯაჰრომისთვის დაწესებული სანქციების თანახმად, მას გაეყინება აშშ-ის იურისდიქციაში არსებული ქონება.
ირანის რამდენიმე ქალაქში საპროტესტო გამოსვლები 15 ნოემბერს დაიწყო. მიზეზი გახდა ბენზინზე ფასების გაზრდა და საწვავის გაყიდვაზე შეზღუდვების შემოღება. ხელისუფლება აცხადებს, რომ მხოლოდ ასე შეიძლება გადაიჭრას ეკონომიკური პრობლემები, რომლებიც აშშ-ის სანქციებითაა გამოწვეული.
ირანის ოფიციალური პირები აღიარებენ სიკვდილის ფაქტებს დემონსტრაციების დროს, სხვათა შორის, უშიშროების ძალების წარმომადგენლებს შორის, მაგრამ განაცხადეს, რომ ამნესტი ინტერნეშენელის მიერ გამოცხადებული რიცხვი დახოცილებისა „სპეკულატიური და არასანდოა“.
თეირანი საპროტესტო აქციების ორგანიზებაში აშშ-სა და ისრაელს ადანაშაულებს.