Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილის ქვეყნიდან გაძევება კანონიერად ცნო უკრაინის უზენაესმა სასამართლომ 


19 ნოემბერს უკრაინის უზენაესმა სასამართლომ კანონიერად ცნო მესაზღვრეებისა და სამართალდამცველი ორგანოების საქმიანობა 2018 წლის თებერვალში, როდესაც პოლონეთში გააძევეს მიხეილ სააკაშვილი, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი.

უკრაინული მედიის თანახმად, ამგვარად სასამართლომ არ დააკმაყოფილა სააკაშვილის სარჩელი, რომელშიც იგი უკანონოდ მიიჩნევდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, საემიგრაციო და სასაზღვრო სამსახურების ქმედებას.

დადგენილება კანონიერ ძალაში შედის მიღებისთანავე, საბოლოოა და არ ექვემდებარება გასაჩივრებას, - ნათქვამია უკრაინის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ 2017 წლის ივლისში მოქალაქეობა ჩამოართვა მიხეილ სააკაშვილს და მალევე გააძევეს პოლონეთში, საიდანაც საქართველოს ექსპრეზიდენტი ტრიუმფალურად დაბრუნდა 2017 წლის სექტემბერში.

უკრაინის სამართალდაცველმა ორგანოებმა მიხეილ სააკაშვილს ბრალი წაუყენეს რუსეთში გაქცეული ბიზნესმენის, სერგეი კურჩენკოსგან ნახევარი მილიონი დოლარის აღებაში საპროტესტო აქციების ორგანიზებისთვის.

2018 წლის 12 თებერვალს სააკაშვილი დააკავეს კიევის ერთ-ერთ რესტორანში და გააძევეს პოლონეთში.

იმავე წლის მარტში უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ შეწყვიტა სისხლის სამართლის საქმე სააკაშვილის მიმართ.

28 მაისს პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაუბრუნა უკრაინის მოქალაქეობა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, რომელიც მეორე დღეს დაბრუნდა უკრაინაში.

XS
SM
MD
LG