დღეს, 15 ნოემბერს უნდა გაირკვეს, დატოვებენ თუ არა საპარლამენტო უმრავლესობას ფრაქცია „ქართული ოცნება-კონსერვატორების“ წევრები. ამ ფრაქციაში 6 დეპუტატია: გიგა ბუკია, მუხრან ვახტანგაძე, რუსლან გაჯიევი, ნინო გოგუაძე, პაატა კვიჟინაძე და ზვიად ძიძიგური. კონსერვატორების ოფისში ბრიფინგი 12 საათზე გაიმართება.
14 ნოემბერს დეპუტატმა ნინო გოგუაძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასასვლელად უმრავლესობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის ჩავარდნა მათთვის მოულოდნელი იყო, რადგან ეს არ იყო გადაწყვეტილება, რომელზეც შეთანხმდნენ.
14 ნოემბერს ნინო გოგუაძე შეხვდა თამარ ჩუგოშვილს, რომელმაც უმრავლესობა და პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობა დატოვა მას შემდეგ, რაც პარლამენტმა ვერ მიიღო „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილება.
14 ნოემბერს უმრავლესობა დატოვა კიდევ 8 დეპუტატმა: თამარ ხულორდავამ, სოფიო ქაცარავამ, დიმიტრი ცქიტიშვილმა, გიორგი მოსიძემ, ირინე ფრუიძემ, ზაზა ხუციშვილმა, მარიამ ჯაშმა და გიორგი ბეგაძემ.
რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ბეგაძე ფრაქცია "ქართული ოცნება-მწვანეების" წევრი იყო, დანარჩენი დეპუტატები კი, ფრაქცია "ქართული ოცნების".
თუ საპარლამენტო უმრავლესობას კონსერვატორების ფრაქციის 6 წევრიც დატოვებს, „ქართული ოცნების“ უმრავლესობაში 89 დეპუტატი დარჩება.
14 ნოემბერს პარლამენტმა ვერ მიიღო უმრავლესობის მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი, რომელიც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებდა უკვე მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისთვის და არა 2024 წლიდან, როგორც ამას მოქმედი კონსტიტუცია განსაზღვრავს.
კანონპროექტს მხარი დაუჭირა 101-მა დეპუტატმა 3-ის წინააღმდეგ მაშინ, როცა საკონსტიტიციო ცვლილებების მიღებას სჭირდებოდა, სულ მცირე, 113 ხმა. სხდომას 141 დეპუტატი ესწრებოდა. პარლამენტის წევრები, რომლებმაც ხმა წინააღმდეგ მისცეს ან კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს, „ქართული ოცნების“ უმრავლესობას წარმოადგენენ.
„ქართული ოცნება“ მაჟორიტარული სისტემის მომდევნო, 2020 წლის არჩევნებისთვის გაუქმებას დათანხმდა 20 ივნისს დაწყებული ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციების შედეგად, რომლის მონაწილეთა ერთ-ერთი მოთხოვნა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა იყო.
პარლამენტში წარუმატებელი კენჭისყრის შემდეგ, სამოქალაქო აქტივისტებმა და ოპოზიციურმა პარტიებმა „ქართული ოცნება“ და მისი თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ხალხის მოტყუებაში დაადანაშაულეს და საპროტესტო აქციები დაიწყეს მთავრობის გადადგომის და ვადამდელი პროპორციული არჩევნების მოთხოვნით.