საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაზე საუბარი უსაფუძვლოა და „ქართული ოცნების“ დღის წესრიგი 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის მზადებაა.
ირაკლი კობახიძის განმარტებით, პარლამენტის მიერ პროპორციული საარჩევნო სისტემის საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტის ჩაგდების შემდეგ, ძალაში რჩება საკონსტიტუციო რეფორმის განხორციელების საფუძველზე არსებული მოცემულობა:
„2020 წელს რჩება შერეული სისტემა 3%-იანი ბარიერით და ბლოკებით, შემდეგ 2024 წელს გადავდივართ პროპორციულ სისტემაზე. ესაა მოცემულობა, რომელიც იყო და ძალაში რჩება. ამ სისტემით უნდა მოვემზადოთ საპარლამენტო არჩევნებისთვის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მისი შეფასებით, პარლამენტის გადაწყვეტილებით უკმაყოფილო ოპოზიციის რადიკალიზმი წარუმატებლობისთვისაა განწირული:
„მათ ერთხელ სცადეს პარლამენტში შემოჭრა, თუმცა ხედავთ, რომ რესურსი არ აქვთ, იმიტომ , რომ მათ ზურგს არ უმაგრებს ხალხის მხარდაჭერა და ზედმეტად ნუ იმუქრებიან. ისინი იმუქრებოდნენ კენჭისყრამდე, იმუქრებიან კენჭისყრის შემდეგ, მათ ეს მუქარები ბუნებრივია, არ გაუვათ", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მისი აზრით, შესაძლოა ოპოზიცია ჰქონდეს „ერთდღიანი მცდელობა იმისა, რომ რაღაც მოიმოქმედონ, მაგრამ ამის საშუალება მათ არ ექნებათ“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ იგი ყველას სიმშვიდისაკენ მოუწოდებს.
დღეს, 14 ნოემბერს საქართველოს პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე უყარა კენჭი „ქართული ოცნების“ უმრავლესობის მიერ ინიცირებულ საკონსტიტუციო კანონპროექტს, რომელიც ეხებოდა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას უკვე მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისთვის და არა 2024 წლიდან, როგორც ამას მოქმედი კონსტიტუცია ითვალისწინებს.
კანონპროექტს მხარი დაუჭირა 101-მა დეპუტატმა 3-ის წინააღმდეგ მაშინ, როცა საკონსტიტიციო ცვლილებების მიღებას სჭირდებოდა სულ მცირე 113 ხმა.
„ქართული ოცნება“ მაჟორიტარული სისტემის მომდევნო, 2020 წლის არჩევნებისთვის გაუქმებას დათანხმდა 20 ივნისს დაწყებული საპროტესტო აქციების შედეგად. რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო გამოსვლების მონაწილეთა ერთ-ერთი მოთხოვნა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა იყო.