თბილისში კინოთეატრ „ამირანის“ მიმდებარე ტერიტორიაზე 9 ნოემბერს მცირერიცხოვანი აქცია იმართება, რომლის მონაწილეები აცხადებენ, რომ სურთ ჩაშალონ რეჟისორ ლევან აკინის ფილმის- „და ჩვენ ვიცეკვეთ“- ჩვენება. „ოღონდ, უკვე გაწევ-გამოწევა აღარ იქნება. თუ ეს პოლიცია აქედან წავა, მაშინ უბრალოდ, შევალთ და დარბაზში შუქს ავანთებთ“, - ამის შესახებ ფილმის ჩვენების წინააღმდეგ მიმდინარე აქციების ერთ-ერთმა ორგანიზატორმა გურამ ფალავანდიშვილმა ჟურნალისტებს კინოთეატრ „ამირანთან" განუცხადა.
„იყო გადაცდომები, ცუდია რაც მოხდა. კიდევ შეიძლება მოხდეს, ამიტომ, ჩვენ მომხრეებისთვის აღარ მოგვიწოდებია, რომ მოდით და შევიდეთ კონოთეატრში. უბრალოდ, მშვიდობიანად ვიდგებით. პლაკატიც დავამზადეთ ივანიშვილის, მთავრობის და სოდომისტების შესახებ. თუ ეს პოლიცია აქედან წავა, ჩვენ მაშინ შევალთ, ჩავშლით ჩვენებას, ოღონდ უკვე გაწევ-გამოწევა აღარ იქნება. უბრალოდ, დარბაზში შუქს ავანთებთ. ასევე, შეიძლება შუქი არ ავანთო, მაგრამ დავიძახო - ამას რას უყურებთ, ხალხო და ასეთი შეძახილებით გავაჩერო“, - განაცხადა გურამ ფალავანდიშვილმა.
რადიო თავისუფლების კორესპონდენტის, თორნიკე მანდარიას ინფორმაციით, აქციაზე დაახლოებით 50 კაცი იმყოფება. ვითარება „ამირანის“ წინ მშვიდია, თუმცა ყოველგვარი ექსცესების თავიდან ასაცილებლად ადგილზე მობილიზებულია პოლიციის დანაყოფი.
ფილმის ჩვენების დაწყებამდე ჟურნალისტებს მიმართა ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ, რომელმაც განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილი აღარ უნდა დარჩეს ხელისუფლებაში და ქვეყანაში საჭიროა ვადამდელი არჩევნების ჩატარება.