კინოთეატრ „ამირანთან“ სამოქალაქო აქტივისტი ანა სუბელიანი დაშავდა. მას სახის არეში, შუბლზე სავარაუდოდ ქვა მოხვდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ მას დახმარება ადგილზევე აღმოუჩინა და სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა.
ანა სუბელიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ აქციის მონაწილეები მას მიზანმიმართულად დაესხნენ თავს:
„მომვარდნენ, მიცნეს და მემუქრებოდნენ. პოლიცია არაფერს არ აკეთებდა მათ შესაჩერებლად. ყველაფერი აჩვენებდა, რომ შეიძლებოდა ფიზიკური თავდასხმის მსხვერპლი გავმხდარიყავი. სრულიად შემთხვევით ვარ გადარჩენილი, რომ თვალი არ დავკარგე. მომხვდა მძიმე საგანი, სავარაუდოდ დიდი ქვა ან სხვა რამე“, - განაცხადა ანა სუბელიანმა.
კინოთეატრ "ამირანთან" მომხდარ ინცინდენტს ანა სუბელიანი ფეისბუკის საკუთარ გვერდზეც გამოეხმაურა: "მე და ჩემ მეგობრებს გაჭრილად გვაგინებდნენ და გვემუქრებოდნენ და პოლიციამ არაფერი გააკეთა მაგ შესაჩერებლად. მიზანმიმართულად მესროლეს დიდი ქვა ან მსგავსი მძიმე საგანი", - წერს ანა სუბელიანი.
კინოთეატრ "ამირანში" ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" ჩვენება დაიწყო. აგრესიულად განწყობილი ჯგუფები სეანსის ჩაშლას ცდილობდნენ. ისინი "ამირანთან" კვლავ მობილიზებულები არიან.