Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

me-too-მეტეს!


ერთმა პატრიოტმა კაცმა 1924 წლის ამბოხებაზე დაწერა, ქართველ ხალხში უმანკოება აჯანყდაო.

უმანკო მგონი აღარავინ დარჩა საქართველოში, მაგრამ რაღაც აჯანყების მსგავსი მართლა ხდება დღეს: გამოდიან მოქმედი ან ყოფილი სასულიერო პირები და ისეთი ფორმით ამხელენ „მაღალ იერარქებს“, რომ წარმოუდგენელელია, გინდა ერმა და გინდა ბერმა, ძველებურად განაგრძონ ცხოვრება.

სულ ცოტა ხნის წინ, ყველამ ერთად ვნახეთ, როგორ შეცვალა სამყარო me too-ს აქციამ, რამდენმა ადამიანმა შეძლო ძალების მოკრება და მოძალადის მხილება, მით უმეტეს შეცვლის ჩვენს სამყაროს მხილებების ის ტალღა, რომელიც 31 ოქტომბრის შემდეგ დაიწყო. ვიღაც სექსუალური ძალადობის გამო ჩივის, ვიღაც პედოფილიაში სდებს ბრალს, ვიღაც კი მაღალ იერარქებს „მკვლელობაზე მძიმე ცოდვაში“ ამხელს. ამასთან ყველა ბრალდებას ჰყავს როგორც კონკრეტული ავტორი, ასევე კონკრეტული ადრესატი. ეს ადამიანები ღიად წერენ გაზეთებში, სოციალურ ქსელებში, ლაპარაკობენ ტელევიზიებში... მთავარეპისკოპოს იაკობისა და მიტროპოლიტ პეტრეს მიერ აღწერილი სამყაროც ყველა შესაძლო მანკიერებას იტევს: ძალაუფლებისათვის ბრძოლა, კარის ინტრიგები, შეთქმულება, ძალადობა, სექ-სკანდალები და ა.შ. რომ არა მთვრალი იაკობის ძველბიჭური ლექსიკით გაჯერებული საუბარი და მიტროპოლიტ პეტრეს ემოციური შეძახილი „პიდარასტია“ - თავი შუასაუკუნეების პირქუშ გოთიკურ დეტექტივში გვეგონებოდა.

ეკლესია გარეთ ეძებდა მტერს, თვალს ხუჭავდა თავისი წევრების არაჯანსაღ ვნებებზე, იყო ეს დაკავშირებული ძალაუფლებასთან, სიმდიდრესათან თუ სხვა სახის მანკიერებასთან, სხვის თვალში ეძებდა ბეწვს და შედეგად დაემართა ის, რაც სხვის თვალში ბეწვის შემჩნევაზე გაფაციცებულ ადამიანებს ემართებათ ხოლმე: დირე ვერ დაინახა საკუთარ თვალში!

„დაიწყო დიდი შეტევა ეკლესიაზე და ეროვნულ ფასეულობებზე. ბოროტი ცდილობს, შეურაცხყოს და ეჭვქვეშ დააყენოს ყოველივე ღირებული, ხალხს იდენტობა დააკარგვინოს და იმედი ჩაუკლას, თანაც ამას სიმართლისა და სიკეთის სახელი დაარქვას“, - საპატრიარქოს მიერ გავრცელებული ეს გაცხადება იმაზე მეტყველებს, რომ შეცვლილ რეალობას ვერავინ უსწორებს თვალს, განსხვავებით ათასი წლისწინადელი რუის-ურბნისის საეკლესიო კრებისა, როცა ითქვა, პირველ რიგში განვკვეთეთ და მღვდლობის პატივი ჩამოვართვით ისეთ ეპისკოპოსებს, რომლებიც ღირსეულად ვერ ატარებენ მღვდელმთავრობის პატივს და უღირსნი არიან პირველი მწყემსმთავრის ქრისტესი, რადგან სიწმინდის შეხება არაწმინდისგან არ შეიძლებაო.

ცხადია, არავინ ითხოვს ისტორიის გამეორებას და ახალ რუის-ურბნისის კრების მოწვევას. მარტივი გამოსავალი იქნება პრობლემების აღიარება, კრიტიკის მიღება, გახსნილობა... ჯერ კიდევ ასი წლის წინ, როცა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია ახალი აღდგენილი იყო, გაზეთში შეიძლებოდა ასეთი შინაარსის განცხადების წაკითხვა:

„ხუთშაბათს, 12 აპრილს (ძველი სტილით), ნაშუადღევის 4 საათზე დანიშნულია კუკიის წმ. ნინოს ეკლესიის მრევლის კრება, ეკლესიის საბჭოსი და მნათეს ასარჩევად. საზოგადოება რამდეგნიც დაესწრება, კრება ჩაითვლება კანონიერად“, - „სახალხო საქმე“. 1918 წ.

დღეს, რბილიად რომ ვთქვათ, მრევლი მოკლებულია ამგვარ ფუნქციას. შესაბამისად, სანთლით საძებნი გახდა დავით კლდიაშვილის მოთხრობაში („მრევლში“) აღწერილი ზოსიმე მღვდლის ტიპი, რომლის „გული სწუხდა, გმინავდა, რადგანაც თავის გარშემო ხედავდა ამ მართლა და უმწეო, ღვთის ანაბარად მირჩენილ ქმნილებათ, სულით დაჩაგრულთ, უსაშუალოთ, ყოველ მხრივ საცოდავთ; და ეგ საერთო ტანჯვა, საერთო მწუხარება, საერთო გაჭირვება თან უიმედობაშიაც აგდებდა და თან არიგებდა თავის საკუთარ გაჭირვებასთან და თავის ბედთან“.

სადღაა საერთო ტანჯვა, საერთო მწუხარება, საერთო გაჭირვება?! ცხადია, გამონაკლისი არსებობს, მაგრამ ჩვენ ყველანი ვხედავთ როგორ უჭირს ხალხს და როგორი ძვირადღირებული ავტომობილებით დადიან მათი სულიერი მამები, როგორი ავტოშოუები იმართება სანაპიროზე სინოდის სხდომების დროს...

საქართველოს საპატრიარქოს ცუდი სამსახური გაუწია კონკორდატმა, რომლის პირველივე მუხლი გვეუბნება, რომ სახელმწიფო და ეკლესია ადასტურებენ მზადყოფნას, ითანამშრომლონ ურთიერთდამოუკიდებლობის პრინციპის დაცვითო.

არ გამოვიდა თანამშრომლობა დამოუკიდებლობის დაცვით. ეს თანამშრომლობა ძალიან დაემსგავსა კორუფციულ გარიგებას: მთავრობა აძლევს ეკლესიას ქონებას, ეკლესია მხარს უჭერს მთავრობას არჩევნებში. სწორედ კონკორდატის წყალობით ეკლესია დაემსგავსა ხელისუფლების შტოს, რომელიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს არჩევნებში. ცხადია, ხელისუფლებას აქვს ბუნებრივი ინტერესი გააკონტროლოს ასეთი „შტო“. შესაბამისად, მთავარეპისკოპოს იაკობის ნათქვამიც, პატრიარქის შეცვლის თაობაზე, აღარ გვეჩვენება დაუჯერებელ რამედ: ერთია, როცა მხარს გიჭერენ, მაგრამ სულ სხვაა, როცა გემორჩილებიან.

დაასახელეთ სხვა რომელიმე მნიშვნელოვანი ინსტიტუცია, რომელიც დღევანდელ საქართველოში არ ემორჩილება მმართველ პარტიას, უფრო სწორად მის თავმჯდომარეს.

კონსტიტუციით გარანტირებული დამოუკიდებლობის მიუხედავად, ეკლესია თავისი ნებით აღმოჩნდა ჩართული პოლიტიკურ ბრძოლაში, რამაც ბუნებრივად შეიტანა ეკლესიაში პოლიტიკისათვის დამახასიათებელი ბრძოლის მეთოდები და საშუალებები. დღეს ყველა ხედავს, მორალური, მატერიალური თუ პოლიტიკური ფაქტორების გამო, როგორი დუღილია საქართველოს ეკლესიის შიგნით. მდგომარეობას ერთი-ორად ამძიმებს ამ ინსტიტუციის ჰერმეტულობა, რაც, ფიზიკის კანონების გათვალისწინებით, აფეთქებითა და სრული კატასტროფით შეიძლება დასრულდეს. ალბათ ეკლესიაშიც მიხვდებიან, რომ მანკიერი ჩახუთულობის დრო დასრულდა: უმანკოების დაბრუნება, შესაძლოა, აღარ გამოვიდეს, მაგრამ მეტი გახსნილობით, პოლიტიკისგან დისტანცირებით, ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედი პირების გამოვლენითა და საკუთარ წიაღში მოძალადებიის მხილებით, შეიძლება გადაარჩინონ თავიანთ თავში „ზოსიმე მღვდელი“, რომელიც არც ოკუპანტის მადიდებელი იქნება, არც პოლიტიკოსი და არც ბიზნესმენი...

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG