Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიტროპოლიტი ზოსიმე სექსუალური შევიწროების ბრალდებაზე: მაშინ ეკლესიამ განსაჯა ეს საკითხი


წილკნისა და დუშეთის ეპარქიის მიტროპოლიტმა, სასულიერო სემინარიის ყოფილმა რექტორმა ზოსიმემ (შიოშვილმა) დუშეთის საკათედრო ტაძარში სასულიერო სემინარიის ყოფილი სტუდენტების ბრალდებების შესახებ დასმულ შეკითხვებს უპასუხა. მისი თქმით, პატრიარქის მონაწილეობით ეს ფაქტი შეაფასეს.

„მაშინ ეკლესიამ განსაჯა ეს საკითხი. მე მახსოვს უწმინდესის ლოცვა-კურთხევით, ეს არ მოხდა მარტო პატრიარქით, ეს იყო მთელი პედსაბჭო. მთელი შემადგენლობა აკადემიისა და სემინარიისა შეიკრიბა პატრიარქის რეზიდენციაში. ეს განიხილეს და ერთხმად მიიღეს ასეთი შეფასება: სემინარიისა და ეკლესიის წინააღმდეგ გამოსვლა“, - ამბობს მიტროპოლიტი ზოსიმე.

შეკითხვაზე, მოითხოვეს თუ არა სტუდენტებმა მისი გადადგომა, მიტროპოლიტი პასუხობს: „როგორ არ იყო, ეს სწორედაც იმათი დაჟინებული მოთხოვნით და ძალიან დაჟინებული, მე არც მინდა ამის გახსენება. წარმოიდგინეთ, სტუდენტები რომ შევარდებიან რექტორის კაბინეტში და ისეთი შფოთი და დაძაბულობა შეიქმნა, რომ... ვფიქრობდი, როგორმე ჩამეცხრო ეს დაძაბულობა. ვუთხარი, დამშვიდდით, შვილო, დაწყნარდით და ეს ასე იქნება“.

მიტროპოლიტ ზოსიმესთვის ცნობილია წერილი, რომელიც მღვდელ გიორგი სხილაძის თქმით, სემინარიის სტუდენტმა 1988 წელს დაწერა.

„შევძრწუნდი, ისეთი რაღაც მოვისმინე ამ წერილის... ესენი მოქმედებენ რაღაც ძალების წაქეზებით“, - თქვა მიტროპოლიტმა ზოსიმემ.

შეკითხვაზე, რას გთხოვდნენ სტუდენტები, რატომ უნდა დაგეწერათ გადადგომის გადაწყვეტილება?

„იცით რა, ესენი სხვა სულის ხალხი იყო, ამათ ეკლესიის მორჩილება კი არა, ეკლესიის დამორჩილება სურდათ, იმ ხალხს, ვინც ამათ უკან იდგა.

მე ამ ხალხის უკან ვინ იდგა, არ ვიცი. საერო პირს არ დავასახელებ, მაგრამ სასულიერო იყო - ყოფილი მღვდელმთავარი ქრისტეფორე წამალაიძე. ის ადრევე დაუპირისპირდა ეკლესიას. ესენი იმის ხალხია. მე თავიდანვე შევამჩნიე ეს უცხო სული“, - ამბობს ეპარქიის ხელმძღვანელი.

შეკითხვაზე, სმენია თუ არა შემთხვევების შესახებ, როდესაც [სექსუალური ძალადობის გამო] ვინმე დასჯილა ეკლესიაში?

მიტროპოლიტი ზოსიმე ამბობს: „არ ვიცი, მე მგონია, კი. კარგა ხანია, აქეთ, მორიდებით ვარ და იქ, ცენტრში თვალი ვერ მივადევნე რა ხდება. რაღაც მსმენია, რომ არის. რეაგირება ხდება, იცით. უწმინდესი არის ძალიან მოწყალე, ლმობიერია. ცდილობს გადარჩენას ადამიანისას. დასჯა არ არის გამოსავალი, მთავარია, გადაარჩინო ის [ადამიანი]. მაცხოვარიც ამისთვის მოვიდა, ცოდვილთა გადასარჩენად. დასასჯელად კი არა, გადასარჩენად. რაღაც უწმინდესი ამაში ემსგავსება ჩვენს უფალს“.

მღვდელმა გიორგი სხილაძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ 1988 წელს, სემინარიის მაშინდელმა რექტორმა ზოსიმე შიოშვილმა სექსუალურად შეავიწროვა თბილისის სასულიერო სემინარია-აკადემიის სტუდენტი.

XS
SM
MD
LG