Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როზარია პუგლისი: „როდესაც ვლაპარაკობთ ნატოში საქართველოს წევრობაზე, ვგულისხმობთ საქართველოს მთელ ტერიტორიას“


„საქართველო სუვერენული ქვეყანაა, რომელსაც თავად შეუძლია გადაწყვიტოს, უსაფრთხოების როგორ გზას აირჩევს. ნატო კი მიიჩნევს, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება, აირჩიოს, რომელ კლუბს ეკუთვნოდეს და რომელს არა“, - ეს სიტყვები ნატო-საქართველოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს, როზარია პუგლისის ეკუთვნის, რომელიც ბათუმში, საქართველოს თავდაცვის და უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობს.

მისი განცხადებით, ნატო და საქართველო უსაფრთხოების გაზრდის კუთხით უკვე მრავალი წელია მჭიდროდ და წარმატებულად თანამშრომლობენ.

ნატო-საქართველოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელის სიტყვებით, დღეს საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში მთავარი გამოწვევა მის ტერიტორიაზე არსებული რუსეთის ჯარებია:

„გამოწვევაა ის, რომ საქართველოს ორი რეგიონი უცხო ქვეყნის ჯარების მიერ კონტროლდება, გრძელდება ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი, რომელიც გავლენას ახდენს ადმინისტრაციულ საზღვართან მცხოვრებ მოსახლეობაზე. ცხადია, დღეს ეს არის უსაფრთხოების კუთხით საქართველოს მთავარი გამოწვევა. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ საქართველო ბევრ აკეთებს ვითარების გამოსასწორებლად. ისიც უნდა გვესმოდეს, რომ ამ რთული ვითარების მოგვარება მხოლოდ დიალოგით არის შესაძლებელი. ჩვენ კი, ნატო, ვეხმარებით საქართველოს, რომ მან უკეთ შეძლოს საკუთარი მოქალაქეების დაცვა“.

როზარია პუგლისი გამოეხმაურა დისკუსიას ნატოს წესდების მე-5 მუხლის თაობაზეც და განაცხადა, რომ სამოქალაქო საზოგადოებაში მსგავსი დისკუსიის არსებობა შესაძლებელია, თუმცა, მისი თქმით, ნატოში, ეს საკითხი, საქართველოსთან მიმართებით არ განიხილება:

„ჩვენ საქართველოს განვიხილავთ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის შემადგებლობით, ეს ორი რეგიონი საქართველოს შემადგენელი ნაწილებია და როდესაც ვლაპარაკობთ საქართველოს ნატოშო წევრობაზე, ვლაპარაკობთ საქართველოს მთელ ტერიტორიზე“, - აცხადებს როზარია პუგლისი.

6 ნოემბერს, ბათუმში, გაიხსნა საქართველოს თავდაცვის და უსაფრთხოების კონფერენცია, რომელსაც თავდაცვის სამინისტრო მასპინძლობს. კონფერენციაზე შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხები, ნატოში საქართველოს ინტეგრაცია და ჰიბრიდული საფრთხეები განიხილება.

საქართველოს თავდაცვის და უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობენ მაღალი რანგის ქართველი და უცხოელი პოლიტიკოსები, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროს ექსპერტები და სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები.

XS
SM
MD
LG