Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Airbnb-ი ქართველ მოგზაურებს ქართულენოვან ინტერფეისს სთავაზობს


ძველი თბილისის ტურისტული ეზო
ძველი თბილისის ტურისტული ეზო

ბინების გაქირავების პოპულარული პლატფორმა Airbnb-ი ქართველ მოგზაურებს ქართულენოვანი ინტერფეისის მქონე ვებსაიტს სთავაზობს.

4 ნოემბერს Airbnb-მა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ მისი ინტერფეისი 31 ახალ ენაზე ამეტყველდა, მათ შორისაა ქართულიც.

ამიერიდან, Airbnb-ის ტურისტული ბინების, ექსკურსიებისა თუ რესტორნების მოძიება შესაძლებელია ქართული ენის გამოყენებით. ამ ეტაპზე გაქართულებულია ვებსაიტის ინტერფეისის ძირითადი ნაწილი და ბინების თუ ექსკურსიების ავტორისეული აღწერის თარგმნა შესაძლებელია გუგლის სათარგმნი პროგრამით, რომელიც ინტეგრირებულია Airbnb-ის სისტემაში. ქართულენოვანი გახდა გასაქირავებელი ბინის სამართავი პანელიც, რაც მუშაობას უადვილებს Airbnb-ის მეშვეობით უძრავი ქონების უცხოელ ტურისტებზე გაქირავების მსურველებს.

თბილისის ბინების მაჩვენებელი Airbnb-ის პლატფორმაზე ყოველწლიურად 50 პროცენტზე მეტად იზრდება. 2019 წლის პირველ ნახევარში ონლაინდაჯავშნის პლატფორმაზე თბილისიდან 13 ათასზე მეტი ბინა/ოთახი იყო შეთავაზებული, ეს კი ათენის, პრაღის, ბუდაპეშტის, კიევისა და ვარშავის, ასევე რეგიონის ქვეყნების ქალაქების, ბაქოსა და ერევნის, მაჩვენებელს მნიშვნელოვნად აღემატება.

Airbnb-ი მსოფლიოში დასვენებისა და მოგზაურობის ერთ-ერთი პოპულარული პლატფორმაა, რომელიც საქართველოში სულ უფრო მეტ პოპულარობას იძენს.

ამჟამად სისტემა მუშაობს 191 ქვეყნისა და რეგიონის 62 ენაზე, რომელსაც მსოფლიოს 4 მილიარდზე მეტი მცხოვრები იყენებს. Airbnb-ი აერთიანებს ადგილობრივი მასპინძლების მიერ შეთავაზებულ 7 მილიონ სასტუმრო საცხოვრებელს და 40 ათას საავტორო ექსკურსიას. ამ სისტემაში ყოველ წამში, დაახლოებით, 6 მომხმარებელი რეგისტრირდება.

XS
SM
MD
LG