საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „ციანიდის საქმეზე“ მსჯავრდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის შეწყალების საკითხზე ისაუბრა.
„მამალაძის შეწყალების საკითხზე უკვე ვთქვი, რომ აქ არის ძალიან სენსიტიური საკითხი მთელი საქართველოს საზოგადოებისთვის. ყველას აქვს თავისი წარმოდგენა, უნდა შევიწყალო თუ არა. სინოდმა თავისი თქვა, მე მომეცით უფლება, რომ ჩემთვის და იმ წესებთან თანხვედრაში, რაც იქნება ამ დღეებში მიღებული, მე დავფიქრდე და მივიღო გადაწყვეტილება“, - ამბობს სალომე ზურაბიშვილი.
საპატრიარქოში 31 ოქტომბერს სინოდის სხდომა გაიმართა, რომელზეც გადაწყდა, რომ სინოდი დეკანოზ გიორგი მამალაძის გათავისუფლების თხოვნით პრეზიდენტს მიმართავს.
2 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ შეწყალების საქმეების განხილვა არ განახლებულა და დეკანოზ მამალაძის 23 ნოემბერს გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს.