Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქადაგიძე, მოსამართლე: არ ვეთანხმები, რომ ქართული სუფრა ცივილიზაციის ყველაზე დიდი მონაპოვარია


ნინო ქადაგიძე
ნინო ქადაგიძე

„ეთანხმებით თუ არა იმას, რომ ქართული სუფრა უფრო დიდი მონაპოვარია ცივილიზაციის, ვიდრე ინტერნეტი?“ - საქართველოს უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატს, ნინო ქადაგიძეს საკომიტეტო მოსმენაზე ამ შეკითხვით პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ მიმართა. „ბუნებრივია, არ ვეთანხმები“, - იყო კანდიდატის პასუხი.

შეკითხვის დასმამდე რომან გოცირიძემ ნინო ქადაგიძეს წაუკითხა ნაწყვეტი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მიერ 1 ნოემბერს პუბლიცისტ თამაზ ტყემალაძის საიუბილეო საღამოზე წარმოთქმული სიტყვიდან, სადაც ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ ცივილიზაციის ყველაზე დიდი მიღწევა არა კოსმოსური ხომალდები და დიდი გამოგონებები, არამედ ქართული სუფრაა.

„ვის ეკუთვნის ეს ღრააზროვანი სიტყვები?“, - ჰკითხა რომან გოცირიძემ ნინო ქადაგიძეს. „ნამდვილად ვერ გეტყვით, არ ვიცი“, - იყო პასუხი. „მე ჩემს აზრზე ვრჩები", - ასე უპასუხა მან რომან გოცირიძეს მას შემდეგ, რაც ამ უკანასკნელმა აღნიშნული სიტყვების ავტორის ვინაობაც დაუსახელა.

რომან გოცირიძე შეეცადა, ნინო ქადაგიძისგან გაეგო ისიც, აღიარებს თუ არა არაფორმალური მმართველობის არებობას ქვეყანაში, რაზეც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა უპასუხა, რომ იგი პოლიტიკაში არ ერევა.

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში გრძელდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა მოსმენა. დღეს, 4 ნოემბერს, კომიტეტის სხდომაზე ნინო ქადაგიძეს უსმენენ.

ნინო ქადაგიძე 2013 წლიდან თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეა. 2002-2012 წლებში იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული პალატის მოსამართლე. იგი შედიოდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა იმ 10-კაციან სიაშიც, რომელიც 2018 წელს, დეკემბერში წარედგინა პარლამენტს და საზოგადოებასა და პოლიტიკურ სპექტრში დაპირისპირების საგნად იქცა.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში 23 სექტემბრიდან მიმდინარეობს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ უვადოდ ასარჩევი კანდიდატების მოსმენა.

კომიტეტის სხდომაზე უკვე მოუსმინეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილ 20-დან 15 კანდიდატს.

XS
SM
MD
LG