სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ფეისბუკზე გამოქვეყნებული განცხადებით ეხმაურება საპატრიარქოში განვითარებულ მოვლენებს, ის მხარდაჭერას უცხადებს პატრიარქს და წერს, რომ „ყველა, ვინც ბრძოლის იარაღად იყენებს ბრალდებას სექსუალური ორიენტაციის ან სექსუალური ცხოვრების შესახებ, არის ფსკერი და ასევე დიაგნოზი მისი მორალური სახის“.
ნინო ლომჯარიას სიტყვებით, საპატრიარქოში მიმდინარე პროცესები ძალაუფლებისთვის ბრძოლაა.
„არ ვიცი და ვერ ვერკვევი საპატრიარქოს შიგნით მიმდინარე დაპირისპირებაში, რომელიც ჩემი დაკვირვებით, მხოლოდ ძალაუფლებისთვის ბრძოლაა და არაფერი აქვს საერთო სუფთა და ამაღლებულ მიზნებსა თუ იდეალებთან (ყოველ შემთხვევაში, იმ ადამიანებს, რომლებიც ამ დაპირისპირებაში ბოლო რამოდენიმე წელია საჯაროდ არიან ჩართულნი, საერთო არაფერი აქვთ რწმენასთან, ქრისტიანობასთან, წესიერებასთან...). მაგრამ ერთი რამ ჩემთვის ცალსახაა, ყველა, ვინც ბრძოლის იარაღად იყენებს ბრალდებას სექსუალური ორიენტაციის ან სექსუალური ცხოვრების შესახებ, არის ფსკერი და ასევე დიაგნოზი მისი მორალური სახის.
მინდა ჩემი, როგორც ადამიანის, მოქალაქის, სახალხო დამცველის მხარდაჭერა გამოვუცხადო პატრიარქს, რომელიც ამ მდაბიო სიძულვილის ენის სამიზნე გახდა, რომელიც ასევე ადამიანია, ხანდაზმული ადამიანი და ადამიანის წინააღმდეგ ბრძოლისას არასოდეს უნდა გადაკვეთო ზღვარი, რაც პატრიარქის მიმართ ძალიან ბინძური ხერხებით იქნა გადაკვეთილი“, - წერს ნინო ლომჯარია.
31 ოქტომბრის სინოდის სხდომა მის დასრულებამდე დატოვა ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა პეტრემ, რომელმაც განაცხადა, რომ პატრიარქმა მღვდელმთავრობიდან გადააყენა. პეტრემ გადაწყვეტილებას უსამართლი უწოდა და მიზეზად დაასახელა მის მიერ ეკლესიაში "მამათმავლობის მხილება".