საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ არ იცის, დაინიშნება თუ არა სინოდის მორიგი სხდომა. მისი სიტყვებით, სინოდის შეკრებას განსაზღვრავს პატრიარქი, თუმცა მისთვის უცნობია, აპირებს თუ არა იგი სხდომის მოწვევას.
ჟურნალისტებთან საუბარში დეკანოზმა განმარტა მეუფე პეტრეს ამჟამინდელი სტატუსიც.
„ის არის დროებით შეჩერებული მღვდელმსახური. ეს საპატრიარქოს ოქმის წაკითხვისას ჩანდა. ჯერჯერობით ეს ასეა“, - განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.
მისი სიტყვებით, არ იცის, სად შეიძლება ეს გადაწყვეტილება გასაჩივრდეს ასეთის სურვილის შემთხვევაში.
„სინოდი არის ამ შემთხვევაში უმაღლესი ორგანო, სადაც შეიძლება გასაჩივრდეს. ეს სინოდის გადაწყვეტილებაა და მე არ ვიცი, სად შეიძლება გასაჩივრდეს“, - უპასუხა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალისტებს.
ანდრია ჯაღმაიძემ პატრიარქისა და პრემიერ-მინისტრის შეხვედრის შესახებ თქვა, რომ ვინაიდან გიორგი გახარია გუშინ საქართველოში არ იმყოფებოდა, მან პატრიარქი დღეს მოინახულა.
„მოინახულა. მოკითხვა იყო ეს, უბრალოდ მხარდაჭერის და საკუთარი დამოკიდებულების გაცხადება“, - აღნიშნა ანდრია ჯაღმაიძემ.
ანდრია ჯაღმაიძეს ჰკითხეს მეუფე იაკობთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების შესახებაც და იმაზეც, იყო თუ არა სინოდის სხდომაზე საუბარი იაკობის განცხადების შინაარსთან მიმართებით.
„მან სინანული გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ ასეთი ფორმით განაცხადა, ის რაც განაცხადა და შინაარსი, მე როგორც მახსოვს, მან გაიმეორა, რომ ისევ იგივე აზრზეა და უკან არ მიაქვს თავისი სიტყვები. ქრისტიანული ცხოვრების წესი აგებულია გულწრფელობასა და შენდობის პოვნაზე, ადამიანს როდესაც ჰგონია, რომ მართალია, ის შენდობას არ ითხოვს, მაგრამ როდესაც ადამიანს შეუძლია შენდობის თხოვნა, ეს ქრისტიანული სულისკვეთების გამოვლინებაა, ამიტომ ეკლესია ამას იწყნარებს“, - განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.
მისი სიტყვებით, მეუფე იაკობის განცხადება გამოყენებული იყო ეკლესიის ირგვლივ მძაფრი სიუჟეტის ასაგორებლად.
„ბევრი სხვადასხვა ძალა საკუთარი პოზიციების გამოვლენისათვის იყენებდა ამ ინციდენტს, ამ შემთხვევას, ამიტომ, თუ ამას გულისხმობთ, ვფიქრობ, რომ ვიღაცა ყოველთვის იყენებს ამას. მე ვნახე ბევრი ადამიანი რომლებიც იწყებდნენ ამ თემით და ამთავრებდნენ საკუთარი თავის წარმოჩენით და იკვეთებოდა ძალიან ბევრი კერძო ინტერესი“.
ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა (იაკობიშვილი) 26 ოქტომბერს „ტვ პირველის“ ეთერში საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია და ყოფილი პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი პატრიარქის გადაყენების მცდელობაში დაადანაშაულა.
მოგვიანებით, 28 ოქტომბერს, მთავარეპისკოპოსმა იაკობმა პატრიარქის ქორეპისკოპოსის თანამდებობა დატოვა. საპატრიარქომ გამოაქვეყნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ბრძანებაც, პირადი თხოვნის საფუძველზე, პატრიარქის ქორეპისკოპოსისა და საქართველოს საპატრიარქოს საფინანსო-ეკონომიკური საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობიდან მისი გათავისუფლების შესახებ.
ანდრია ჯაღმაიძის განმარტებით, დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებასთან დაკავშირებით სინოდის მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ არის დაკავშირებული შიშთან, რომ რაიმე არ გამომჟღავნდეს, და ვინც მსგავს განცხადებას აკეთებს, რეალურად, სწორედ მათ ურჩევნიათ მამალაძის ციხეში დარჩენა.
„თითქოს საპატრიარქო იღებს გადაწყვეტილებას რაღაცის გაუთქმელობის საფასურად, როგორ ფიქრობთ, ეს განცხადება ემსახურება თუ არა მამალაძის გათავისუფლების ინტერესებს, თუ პირიქით? არიან ძალები, რომლებსაც აინტერესებთ, მამალაძე იყოს ციხეში და საპატარიარქოს მუდმივად უხდებოდეს ამაზე საუბარი“.
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა სინოდის განჩინებაში აღნიშნულია, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს სინოდი შეწყალების თაობაზე პრეზიდენტთან უშუამდგომლებს.
საპატრიარქოს წმინდა სინოდის სხდომა 31 ოქტომბერს გაიმართა. მას ესწრებოდა 42 მღვდელმთავარი. სინოდმა დეკანოზ მამალაძის პრეზიდენტთან შუამდგომლობის გარდა, მღვდელმთავრობიდან გაათავისუფლა ჭყონდიდის მიტროპოლიტი პეტრე და მღვდელმთავრისათვის შეუფერებელი საქციელის გამო გაფრთხილება მისცა ბოდბელ ეპისკოპოს იაკობს.