Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გახარია: არავის მივცემთ ეკლესიისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ დესტრუქციული ქმედებების უფლებას


პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია
პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სახელმწიფოსა და ეკლესიაზე მიზანმიმართული შეტევა უწოდა 31 ოქტომბერს, სინოდის სხდომის მიმდინარეობისას განვითარებულ მოვლენებს.

„რა თქმა უნდა, გარკვეული ჯგუფები, რომლებსაც არ სურთ ქვეყნის წყნარი, მშვიდობიანი განვითარება, ცდილობენ სხვადასხვა სახის პროვოკაციებით ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის ხვალინდელ დღეს. ასეთი მცდელობა ჩვენ რამდენიმე ხნის წინ ვნახეთ, როდესაც რევოლუციურ სცენარს გვიგეგმავდნენ სახელმწიფოსთან და მთავრობასთან მიმართებაში. დღეს, როგორც ჩანს, გადაწყვიტეს, დესტრუქციული ქმედებებით შეიტანონ გაურკვევლობა ეკლესიაში. რა თქმა უნდა, ეს არის დაუშვებელი“, - განაცხადა გიორგი გახარიამ დღეს, 1 ნოემბერს, მთავრობის სხდომის დაწყების წინ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოს პატრიარქი არის ეკლესიის და სახელმწიფოებრიობის სიმბოლო და არავის მისცემენ იმის უფლებას, რომ სახელმწიფოსა და ეკლესიაში მსგავსი დესტრუქციული ქმედებებით რისკის ქვეშ დააყენონ ქვეყნის ხვალინდელი დღე.

მთავრობის სხდომის დაწყებამდე გიორგი გახარია საპატრიარქოში იმყოფებოდა.

31 ოქტომბერს, სინოდის სხდომაზე მიიღებულ განჩინებით, მეუფე პეტრე გათავისუფლდა ჭყონდიდის ეპარქიის მმართველობისა და სინოდის წევრობისგან, მღვდელმოქმედება აეკრძალა და მონასტერში მოსანანიებლად გამწესდა.

სინოდის სხდომა დასრულებამდე დატოვა მეუფე პეტრემ. „წმინდა სინოდმა მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება, პირადად პატრიარქმა, სინოდის თავმჯდომარემ, მე მიმაჩნია, რომ უსამართლოდ განმაყენა მღვდელმთავრობიდან. მე ვფიქრობ, მიზეზი არის საქართველოს ეკლესიაში პიდარასტიის მხილება, მამათმავლობისა და პიდარასტული ცოდვის მხილება“, - განაცხადა მეუფე პეტრემ. ჟურნალისტების შეკითხვას, ვინ ამხილა, უპასუხა, რომ სინოდის თავმჯდომარე.

XS
SM
MD
LG