Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვახტანგ გომელაური: კიბერდანაშაული ყველა ქვეყანაში ხდება


შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური რამდენიმე დღის წინ ქართულ ვებგვერდებზე განხორციელებულ კიბერშეტევას გამოეხმაურა. მისი სიტყვებით, ეს დანაშაული ყველა ქვეყანაში ხდება და 21-ე საუკუნის „მძიმე მიმართულებაა“.

„ეს ყველა ქვეყანაში ხდება - დაწყებული აშშ-დან, ბრიტანეთი, ევროპული ქვეყნები. ეს 21-ე საუკუნის ერთ-ერთი მძიმე მიმართულებაა“, - თქვა მან.

შს მინისტრის განცხადებით, გამოძიებაში ადგილობრივ სტრუქტურებთან ერთად ჩართული არიან უცხოელი სპეციალისტებიც.

„იყო, რა თქმა უნდა, შეტევა და მუშაობენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და შინაგან საქმეთა სამინისტრო ერთობლივად. ასევე, ჩვენი პარტნიორები არიან ჩართული, საზღვარგარეთიდან მეგობრები და ვფიქრობთ, რომ გავალთ ბოლოში. მე ტერმინოლოგიით არ შემიძლია ვილაპარაკო. ყველას პასუხისმგებლობაა, როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროსი. ვმუშაობთ ამ თემაზე და, ჯერჯერობით, სანამ არ დამთავრდება გამოძიება, ვერ გეტყვით. ის, რომ დაცული იყო თუ არა, ძალიან სერიოზული ქვეყნების უმაღლესი სტრუქტურების ვებგვერდებს ტეხენ“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

28 ოქტომბერს კიბერშეტევა განხორციელდა საქართველოს პრეზიდენტის, საკრებულოების და არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების ვებსაიტებზე. პარალიზებულ საიტებზე ჩანდა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ფოტო ინგლისურენოვანი წარწერით: „მე დავბრუნდები“.

საქართველოს შსს-მ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლით, რაც კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევას გულისხმობს. მოგვიანებით, გამოძიებას კიდევ ერთი, სისხლის სამართლის 286-ე მუხლი დაემატა, რაც კომპიუტერული მონაცემების და/ან კომპიუტერული სისტემის ხელყოფას გულისხმობს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ 28 ოქტომბრის კიბერშეტევა შესაძლოა, განხორციელებული იყოს როგორც ქვეყნის შიგნიდან, ასევე რომელიმე უცხო ქვეყნიდან.

XS
SM
MD
LG