პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი წყალტუბოში ყველა სასტუმროსა და ბალნეოლოგიური აბანოს გამოსყიდვას აპირებს, - აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ მან სპეციალური განცხადება გაავრცელა:
„ვინაიდან სახელმწიფოს, ამჟამად, არ აქვს რესურსი, რამდენიმე ასეული მილიონის ინვესტიცია განახორციელოს წყალტუბოს სრულმასშტაბიანი რეაბილიტაციისთვის, ხოლო მისი ერთიანი, სტრატეგიული განვითარების გეგმის არარსებობის პირობებში, ბიზნესიც ინერტულია - მივიღე გადაწყვეტილება, პირადად ჩავუდგე სათავეში წყალტუბოს აღორძინების პროექტს. გადავწყვიტე, პირადი სახსრებით დავიწყო და მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში განვახორციელო არა მხოლოდ ამჟამად სრულიად ამორტიზებული ტურისტული და სამკურნალო ინფრასტრუქტურის სრულმასშტაბიანი რეაბილიტაცია, არამედ თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნით და დაცვით უზრუნველვყო მისი განვითარება.
პრაქტიკამ ცხადყო, რომ ათეული წლების განმავლობაში გაპარტახებული და დეპრესიულ ადგილად ქცეული საკურორტო კლასტერების მკვდარი წერტილიდან დაძვრა და მისი ნახტომისებრი განვითარება, სტანდარტული მიდგომით შეუძლებელია. საჭიროა მძლავრი კატალიზატორი, ერთგვარი ყინულმჭრელი, რომელიც მდგრადობას შესძენს პროექტს და საკუთარი მონაწილეობით დააზღვევს სხვის კერძო ინვესტიციას“, - ბიძინა ივანიშვილი განცხადებაში აღნიშნავს, რომ აპირებს გამოისყიდოს წყალტუბოში არსებული ყველა, 22 სასტუმრო, 9 აბანო და მოახდინოს მათი სრული რეაბილიტაცია, კურორტის განვითარების ერთიანი გეგმისა და კონცეფციის ფარგლებში. განცხადებაში აღნიშნულია, რომ პროექტის განვითარების ნებისმიერ ეტაპზე ბიძინა ივანიშვილი მზადაა, ობიექტები ნებისმიერ ინვესტორზე გაასხვისოს:
„ბუნებრივია, ჩემი მხრიდან არანაირ მოგებაზე არ იქნება საუბარი, მაქსიმალური ფასი იქნება თვითღირებულება. ამავდროულად, მე მზად ვარ, დაინტერესებულ ბიზნესს ეს პროექტები გადავცე ფასდაკლებით, ან უფრო მეტიც, მნიშვნელოვანი ფასდაკლებით.
ამ ნაბიჯით მსურს, ერთი მხრივ, მივცე სიმყარე ბიზნესს, რათა ის ნებისმიერ ეტაპზე შემოუერთდეს პროექტს, ხოლო მეორე მხრივ, სახელმწიფოს მივცე სტიმული, გარანტირებული ინვესტიციის პირობებში, მაქსიმალურად განავითაროს ინფრასტრუქტურა.
წყალტუბოს განვითარების ხედვა და კონცეფცია, რომლითაც ვაპირებ ვიხელმძღვანელო, ეყრდნობა წამყვანი შვეიცარული საკონსულტაციო კომპანიის, „KohL&Partners“ მიერ შემუშავებულ გეგმას, რომლის ფარგლებში, წყალტუბოში დამატებით უნდა აშენდეს ბავშვთა მოედნები, წყლის პარკი, ტროპიკული ბაღი, გოლფის და ჩოგბურთის მოედნები, კლდეზე ცოცვის პარკი, სავაჭრო ცენტრი, კაფე-ბარები და რესტორნები. იმავდროულად, დაგეგმილია საგანმანათლებლო ცენტრის გახსნა პროფილურ სპეციალობებში ჩვენი თანამოქალაქეების გადასამზადებლად - რამდენიმე ათას სამუშაო ადგილს, რომელიც წყალტუბოში უახლოეს პერიოდში შეიქმნება, კვალიფიციური კადრები დასჭირდება და ჩვენ მათი მომზადება უნდა უზრუნველვყოთ“.
ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, წყალტუბოს განვითარებით სარგებელს მიიღებს არა მარტო იმერეთის რეგიონი, არამედ რაჭა-ლეჩხუმი, სამეგრელო, ზემო სვანეთი, ხოლო რაჭის ახალი გზის დასრულების შემდეგ, კიდევ უფრო გაადვილდება ტურისტებისთვის მარშრუტების დაგეგმვა ამ მიმართულებით.