Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მახო: უბრალოდ, ტანდაბალი ვარ


მახო: უბრალოდ, ტანდაბალი ვარ
please wait

No media source currently available

0:00 0:05:22 0:00

„ტანდაბალი ადამიანი ვარ, მეტი არაფერი, ჩვეულებრივად ვშრომობ, მიყვარს, მწყინს და მიხარია, მაგრამ აქ ცხოვრება მაინც რთულია“, - ამბობს მახო ასოევი იგივე მაქსი ბავშვთა გასართობი ცენტრიდან. ის სენაკის შშმ ბავშვთა პანსიონატში გაიზარდა, უდედმამოდ. მახოს იქ გატარებული ყველა დღე მკაფიოდ ახსოვს - არცთუ ბედნიერად, მაგრამ, როგორც ამბობს, ესეც მისი ცხოვრების ნაწილია. 8 წლამდე ვერ დადიოდა. არც ეგონათ, რომ გაივლიდა. პანსიონატში ყველაფერი ჭირდა - იხსენებს, რომ ხშირად სციოდათ, არც საჭმელი ჰყოფნიდათ. არც ფული იცოდა რა იყო - პირველად რომ ხელში დაიჭირა, დახია და გადააგდო. სხვებს დროდადრო მშობლები ან ნათესავები აკითხავდნენ. მახოს - არავინ. 19 წლისა პანსიონატიდან თბილისში, დედის მოსაძებნად გამოიპარა. მახოს ამ ამბის გახსენება არ უყვარს. არც ძებნა დასრულდა კარგად და არც მისი ცხოვრება შეიცვალა ისე, როგორც ელოდა. დიდხანს ცხოვრობდა ქუჩაში. მერე უცნობი ადამიანების მიერ ნათხოვარ ჯიხურში, სადაც ხილ-ბოსტნეულს ყიდდნენ - „დახლის ქვეშ მეძინა, ვეტეოდი“, - ამბობს. ხან ელიავაზე იმუშავა გამყიდველად, ხან მშენებლობაზე - ცემენტის მომზელად, ხან სამებაში - სეფისკვერების საცხობში, ხან კი კოკა-კოლას საახალწლო ქარავანზე - დათვის ბელის ფორმა ეცვა. ბოლოს გაუმართლა და თავისი სამსახური იპოვა - დღეს ის ბავშვთა გასართობ ცენტრში მუშაობს. მახო ახლა 38 წლისაა. სახლი დღემდე არა აქვს, დროებით სოციალურ საცხოვრებელში ცხოვრობს და შშმ პირის პენსიას - თვეში 120 ლარს იღებს. შეეჩვია, რომ ხშირად უყურებენ ქუჩაში, ხან ჯუჯას ეძახიან, ხან ლილიპუტს, თუმცა თუ ადრე ამაზე ძალიან დარდობდა, დღეს ყველას პირდაპირ ეუბნება, რომ ასე ლაპარაკი არ შეიძლება: „რაც სამსახური მაქვს, უფრო თავდაჯერებული გავხდი, კომპლექსებიც დავძლიე. ხანდახან არც კი მჯერა რომ აქ ვმუშაობ", - ამბობს მახო.

XS
SM
MD
LG