45 წლის ცოტნე ცოტნიაშვილი ერთ-ერთია 20-21 ივნისის აქციის მონაწილეთაგან, რომელიც იმ ღამეს დაიჭრა და რომელსაც სახელმწიფო ამავდროულად ჯგუფური ძალადობისა და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის მუხლით ასამართლებს. წინასწარ პატიმრობაში მყოფი ცოტნე ცოტნიაშვილის სამედიცინო ისტორიაში წერია, რომ მას ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღიდან ჰქონდა მიყენებული.
ეს არის 200-ზე მეტი დაშავებულიდან პირველი და შესაძლოა არაერთადერთი შემთხვევა, რომლის სამედიცინო დოკუმენტაციაშიც ცეცხლსასროლი იარაღი იხსენიება. თუმცა, დოკუმენტის გამცემ საავადმყოფოში დღეს განმარტავენ, რომ ცეცხლსასროლი იარაღის ხსენება არაფერს არ ნიშნავს, გარდა იმისა, რომ ცოტნე ცოტნიაშვილსაც და სხვებსაც, ვის საქმეშიც შეიძლება ცეცხლსასროლი იარაღი იხსენიებოდეს, რეზინის ტყვიებს ესროდნენ.
ცოტნე ცოტნიაშვილს აქციის დარბევისას რეზინის 10 ტყვია მოხვდა. სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც დაშავებიდან მალევე გადაიყვანა სასწრაფომ, მხოლოდ 2 ტყვიის ამოღება მოახერხა. მერე სახლში დაბრუნდა და როცა ტკივილებმა უმატა, სასწრაფოს უკვე სხვა ბრიგაგადამ “ამტელ ჰოსპიტალში” გადაიყვანა. აქ მას სხეულში დარჩენილი 8 ტყვია ამოუღეს და 3 დღით დატოვეს ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ. სწორედ “ამტელ ჰოსპიტალის” სამედიცინო დასკვნაში ვხვდებით ჩანაწერს ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობის შესახებ.
რა წერია სამედიცინო დასკვნაში
"დასკვნა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ან სრული დიაგნოზი: ცეცხლნასროლი ჭრილობები მარჯვენა წვივის არეში, დიდი წვივის უკანა არტერიის კუნთის ტოტის, კანჭის ნერვის და კუნთების დაზიანებით. წვივის რბილ ქსოვილებში ჩარჩენილი უცხო სხეულები." - ეს არის მონაკვეთი ცოტნიაშვილის სამედიცინო ისტორიიდან, რომლის მსგავსიც მისი ადვოკატის თქმით, არც ერთი სხვა აქციაზე დაშავებულის საქმეში არ გვხვდება.
ცოტნე ცოტნიაშვილის ადვოკატი ჯერ კიდევ ივლისში, სასამართლო პროცესებზე ამბობდა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირი იმ ღამეს ცეცხლსასროლი იარაღით დაიჭრა, თუმცა ამ ისტორიამ საზოგადოების ყურადღება მხოლოდ 14 ოქტომბერს მიიპყრო, როდესაც მთავარმა არხმა გაასაჯაროვა “ამტელ ჰოსპიტალის” მიერ გაცემული სამედიცინო დასკვნა, სადაც ნახსენებია ცეცლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა.
როგორ ხსნის ამ ჩანაწერს კლინიკის დირექტორი
ამტელ ჰოსპიტალის დირექტორი, დღეს განმარტავს, რომ ანალოგიური ჩანაწერი მოიძებნება ყველა იმ პაციენტის ისტორიაში, რომელმაც მათ 20-21 ივნისს მიღებული დაზიანებებით მიმართა, ასეთი კი დაახლოებით 15 იყო. ლაშა მაჭარაშვილი ხსნის, რომ რეზინის ტყვიის გასროლაც ცეცხლსასროლი იარაღიდან ხდება და მათ ეს ტერმინი სწორედ ამიტომ გამოიყენეს და არა იმიტომ, რომ ვინმეს სასიკვდილო ტყვია უპოვეს სხეულში.
პირადი მონაცემების დაცულობის პრინციპიდან გამომდინარე, გამოძიებისა და ოჯახის წევრების გარდა წვდომა სხვა დაშავებულების დოკუმენტაციაზე სხვა დაინტერესებულ პირებს არ აქვთ, შესაბამისად, რადიო თავისუფლებამ ვერ გადაამოწმა, მართლაც არის თუ არა ნახსენები სხვა 15-მდე ადამიანის სამედიცინო ისტორიაში ცეცხლსასროლი იარაღი. ამ კითხვაზე პასუხს არ გვცემენ არც გენერალურ პროკურატურაში, სადაც ინახება ყველა დაზარალებულის სამედიცინო ისტორიის ავთენტური დოკუმენტაცია.
როგორ აღმოჩნდა დაზარალებული ცოტნიაშვილი ბრალდებულის სკამზე
ცოტნე ცოტნიაშვილი ე.წ. სამხრეთ ოსეთიდან დევნილი და ოჯახში ერთადერთი დასაქმებულია. “ამტელ ჰოსპიტალის” დატოვების შემდეგ მან ჯერ კიდევ მოუშუშებელი ჭრილობებით მშენებლობაზე მუშად მუშაობა გააგრძელა. იყო პროკურატურაშიც, სადაც როგორც პოტენციური დაზარალებული, სამართალმდაცველების მხრიდან ძალის გადამეტების ფაქტებზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაკითხეს. დაკითხვიდან რამდენიმე დღეში ცოტნიაშვილი იმ მშენებლობაზე, სადაც მუშაობდა, დააკავეს და ამ დრომდე წინასწარ პატიმრობაში იმყოფება, როგორც ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული. შეცვლის თუ არა მის სამედიცინო საქმეში ცეცხლსასროლი იარაღის ხსენება მიმდინარე გამოძიების პროცესს, ამ კითხვაზე პასუხი ამ დროისთვის არც ერთ საგამოძიებო ორგანოს არ აქვს.
რა წერია სხვა დაზარალებულების სამედიცინო ისტორიებში
20-21 ივნისის აქციაზე დაშავებულთა ინტერესებს რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია იცავს, მათ შორის “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” და “ადამიანის უფლებათა სახლი”. ორივე არასამართავრობო ორგანიზაციაში ამბობენ, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფი პირების სამედიცინო ისტორიებში ჩანაწერი “ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობის შესახებ” არ იძებნება. დაზიანებების აღსაწერად მათ ხელთ არსებულ სამედიცინო დასკვნებში ვხვდებით შემდეგ ჩანაწერებს: “თავის ღია ჭრილობა”, “უცხო სხეული”, “სხეულში მოხვედრილი პლასტმასის ტყვია”, “დაუზუსტებელი დაზიანებები”, - არაფერია ნათქვამი ცეცხლსასროლ იარაღზე.
საყურადღებოა ისიც, რომ განსხვავებულია ცოტნე ცოტნიაშვილის სამედიცინო ისტორიის დოკუმენტებიც, რომელსაც საჩვენებლად იყენებენ ადვოკატი და ჰოსპიტალი.
ოპერაციის პროტოკოლში, რომელიც დღეს ჰოსპიტალში გვაჩვენეს, განმარტებულია, რომ ცოტნიაშვილის სხეულიდან ამოღებულია მომცრო ზომის შავი რეზინის ტყვიები, ე.წ. “ფორმა ასში” კი, რომელიც ადვოკატმა საქმის მასალებს დაურთო და სასამართლოში წარადგინა, დაკონკრეტებული არ არის რა ტიპის ტყვიები აქვს მოხვედრილი ცოტნიაშვილს - აქ ლაპარაკია მხოლოდ უცხო სხეულებზე კონკრეტიკის გარეშე. ეს დოკუმენტი ცოტნიაშვილის ადვოკატმა გამოძიების მასალებს 20 აგვისტოს დაურთო მტკიცებულებად.
შეიძლება თუ არა ჩანაწერი გახდეს ახალი გამოძიებისთვის საბაბი
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში ამბობენ, რომ იმ შემთხვევაშიც კი, როცა სამედიცინო დასკვნაში ცეცხლსასროლი იარაღი წერია, გამოძიებამ უნდა დაადგინოს დაზიანების წყარო და ექსპერტიზის საშუალებით დაადგინოს, როგორ მიადგა ამა თუ იმ პირს დაზიანება. მხოლოდ სამედიცინო პერსონალის ჩანაწერი მტკიცებულებად ვერ გამოდგება.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ამბობს, რომ მათთვის უცნობია, რა დასკვნაზეა საუბარი მედიაში და კატეგორიულად უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ 20 ივნისს სამართალდამცველების მიერ გამოყენებული იყო ცეცხლსასროლი იარაღი. მათი თქმით, სისხლის სამართლის საქმეში, მსგავსი სამედიცინო დასკვნა არ დევს და არც დაცვის მხარეს წარუდგენია რამე პროკურატურაში.
ამ ეტაპზე 20-21 ივნისის აქციასთან დაკავშირებით პარალელურად ორი საქმის გამოძიება მიმდინარეობს: შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებს ჯფუფური ძალადობის და სახელმწიფო გადატრიალებაში მონაწილე პირების საქმეს და ამ ბრალდებით დაკავებულია 20-მდე პირი. მათ შორის ცოტნე ცოტიაშვილიც. საქმეს საქალაქო სასამართლო განიხილავს. გენერალური პროკურატურა კი სწავლობს სამართალდამცველთა მხრიდან ძალადობის გადამეტების ფაქტებს. ამ საქმის ფარგლებში დაკავებული სამი სამართალდამცველიდან სამივე გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა.
20-21 ივნისს ანტისაოკუპაციო აქციაზე დაშავდა 200-ზე მეტი მოქალაქე. მშვიდობიანი პროტესტი რუსთაველის გამზირზე 3 თვის განმავლობაში ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობდა.