თამთა თოდაძის საქმეზე პროკურატურამ გაუთქმელობის შესახებ ოქმი გააუქმა. დაზარალებულის ადვოკატმა რადიო თავისუფლებასთან საქმის დეტალების შესახებ ისაუბრა.
როგორც თოდაძის ინტერესების დამცველი თამარ ლუკავა ამბობს, საქმეში დევს სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც აბსოლუტურად ემთხვევა თამთა თოდაძის ჩვენებას.
„მის სხეულზე დაზიანებები ნამდვილად იმ პერიოდშია მიყენებული, როდესაც ეს ფაქტი მოხდა. გარდა ამისა, დეტალურად არის აღწერილი ყველა დაზიანების შესახებ ინფორმაცია“, - გვითხრა ლუკავამ.
ადვოკატი მოწმეთა ჩვენებების საკითხსაც განმარტავს, რომლის შესახებაც, მისი თქმით, საკრებულოს წევრის, ბრალდებულ ილია ჯიშკარიანის ადვოკატი ლაპარაკობდა.
„თითქოს ბიუროს თანამშრომლები ჯიშკარიანის სასარგებლოდ საუბრობდნენ, რომ თითქოს ნასვამი იყო თამთა. ეს თანამშრომლები დღემდე ჯიშკარიანის ბიუროში არიან დასაქმებულები და საკრებულოს დეპუტატი მათი ზემდგომია. ზოგი მათგანი ჯიშკარიანის ახლო ნათესავი და ზოგი კი მეგობარია, შესაბამისად, მათი ჩვენებები ნაკლებად სანდოა“, - ამბობს ადვოკატი და საკუთარ არგუმენტს გვაცნობს - „თამთა თოდაძის ნასვამ მდგომარეობაში ყოფნის საკითხზე გამოკითხული არიან სასწრაფო დახმარების ჯგუფის ექიმები, რომლებიც არ ამბობენ, რომ ის ნასვამი იყო. ამასთან, მათ ჩვენებაში მითითებულია დაზიანებების, ემოციური მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია. მათი ჩვენება ჩემთვის ძალიან სარწმუნოა. ექიმები თამთა თოდაძეს არ იცნობდნენ და მასთან არანაირი შემხებლობა არ ჰქონიათ“.
კიდევ ერთი საკითხი, რომლის გაქარწყლებასაც თამთა თოდაძის ადვოკატი ცდილობს, ეხება ნივთების დაზიანებას. ლუკავას თქმით, ბრალდებულის მხარე ამტკიცებს, რომ ნივთები თამთა თოდაძემ დააზიანა, რაც, მისი შეფასებით, ფაქტებთან წინააღმდეგობაში მოდის.
„თუ ჯიშკარიანი ამბობს, რომ ნივთები თამთა თოდაძემ დააზიანა და მოსაცდელში ყველაფერი დაამტვრია, რატომ არ გამოიძახა ჯიშკარიანმა საპატრულო პოლიცია და რატომ არ შეატყობინა პოლიციას დანაშაულის შესახებ, თუ ის დამნაშავე არ იყო და არ უძალადია?! ამის საწინააღმდეგოდ მან მოიხმო თანამშრომლები და ოფისი დაალაგებინა“, - აღნიშნავს თამარ ლუკავა.
გაუთქმელობის პირობის გაუქმების შემდეგ, ასევე ცნობილი ხდება, რომ პროკურატურამ ახლომდებარე ობიექტების სათვალთვალო კამერების ჩანაწერების ამოღების მოთხოვნით სასამართლოს წინაშე შუამდგომლობა დააყენა. ინდმეწარმეები ამბობენ, რომ ვიდეომასალა მათ ოპერატიულ სისტემაში ორი კვირის ან ერთი თვის განმავლობაში ინახება.
თბილისის საკრებულოს ორი მოწვევის დეპუტატის, ისნის მაჟორიტარის თანაშემწე, თამთა თოდაძე, ილია ჯიშკარიანს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს. პროკურატურამ თამთა თოდაძე დაზარალებულად ცნო 8 ოქტომბერს, 8-დღიანი ლოდინის შემდეგ. რვა დღის თავზე წარუდგინეს ბრალი ილია ჯიშკარიანსაც, რომელიც უარყოფს ბრალდებას და ამბობს, რომ მის მიმართ წაყენებული ბრალი შოკისმომგვრელი იყო.
სისხლის სამართლის საქმე თბილისის საკრებულოს დეპუტატის მიმართ ორი მუხლითაა აღძრული: 138-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტით (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება, რომელიც არ შეიცავს ამ კოდექსის 137-ე მუხლით (გაუპატიურება) გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს, ჩადენილი ძალადობით, სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი).