„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა მელია ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, დააკმაყოფილებს თუ არა სასამართლო მისთვის ელექტრონული სამაჯურის მოხსნის შუამდგომლობას, საკუთარი თავის შეზღუდვას აღარ აპირებს.
„ჩვენ დღეს დავაყენებთ შუამდგომლობას სამაჯურის მოხსნასთან დაკავშირებით, მაგრამ ისევე, როგორც ახლა გიყურებთ, დარწმუნებული ვარ, რომ შეიძლება ეს შუამდგომლობა საერთოდ არც გაითვალისწინოს. ანუ როგორც შევალ სამაჯურით, ასევე გამოვალ. თუმცა ერთი რამ მინდა გითხრათ, ხვალინდელი დღიდან, მიუხედავად იმისა, სამაჯურს მომხსნიან თუ არ მომხსნიან, აღარ ვაპირებ საკუთარი თავის შეზღუდვას.
ჩემს პოლიტიკურ საქმიანობას, მათ შორის როგორც პარლამენტარის საქმიანობას, განვახორციელებ ისევე, როგორც ვახორციელებდი, სანამ არაერთ შეზღუდვას დამიწესებდნენ. რატომ? იმიტომ, რომ ეს არის აბსოლუტურად არაკონსტიტუციური, იმიტომ, რომ ეს არის ერთი ადამიანის ხუშტურებზე დაფუძნებული”, - განაცხადა ნიკა მელიამ თბილისის საქალაქო სასამართლოში მის სისხლის სამართლის საქმეზე წინასასამართლო სხდომის დაწყების წინ. როგორც ნიკა მელიამ აღნიშნა, აქამდე იგი მის მიმართ დაწესებულ შეზღუდვებს ითვალისწინებდა, თუმცა ასე გაგრძელებას აღარ აპირებს. საპარლამენტო საქმიანობის გარდა,იგი პარლამენტსგარეშე აქტივობებში ჩართვასაც გეგმავს. "ძირითადად ამომრჩეველთან მექნება შეხვედრები", - განაცხადა ნიკა მელიამ თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესის დაწყების წინ.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე წინასასამართლო სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 10 ოქტომბერს, 12 საათზე დაიწყო. სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე მსჯელობენ.
თბილისის საქალაქო სასამართლომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, დეპუტატ ნიკა მელიას 27 ივნისს 30 000 ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა. პროკურატურამ მას 20-21 ივნისს საპროტესტო აქციაზე ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ნიშნით ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით წაუყენა.
თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2 ივნისს პროკურატურას ნიკა მელიას ელექტრონული მონიტორინგი დაავალა და ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ის გადაწყვეტილებაც, რომელიც დეპუტატისთვის გარკვეული ტიპის შეზღუდვების დაწესებას ითვალისწინებდა. კერძოდ მას არ აქვს საცხოვრებელი ადგილის საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე დატოვების, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე საჯარო განცხადებების გაკეთებისა და მოწმეებთან ნებისმიერი სახის კომუნიკაციის უფლება.თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნიკა მელია მონიტორინგის მიზნით ელექტრონულ სამაჯურს ატარებს.