Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარტია „ამცახარამ“ რაულ ხაჯიმბა არაკანონიერ პრეზიდენტად გამოაცხადა


სოხუმში 10 სექტემბერს გამართული მიტინგი
სოხუმში 10 სექტემბერს გამართული მიტინგი

ოკუპირებული აფხაზეთის პოლიტიკური პარტია „ამცახარა“ რაულ ხაჯიმბას „ინაუგურაციასთან“ დაკავშირებით აქტივის საერთო კრების გადაწყვეტილებას აქვეყნებს.

პარტია აცხადებს, რომ დარღვეულია მოქალაქეთა საარჩევნო უფლება, არ იყო ჩათვლილი ამომრჩეველთა ყველა ხმა და ხაჯიმბას სასარგებლოდ არჩევანი მხოლოდ ამომრჩეველთა მესამედმა გააკეთა.

„ჩვენ არ ვცნობთ ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებას აფხაზეთის პრეზიდენტის განმეორებით კენჭისყრასთან დაკავშირებით და მას არაკანონიერად მივიჩნევთ. ჩვენ არ ვცნობთ ხაჯიმბას გამარჯვებას აფხაზეთის რესპუბლიკის არჩევნებში და მას არაკანონიერ პრეზიდენტად მივიჩნევთ“, - აცხადებს ოპოზიციური პარტია.

საერთო კრების გადაწყვეტილებით, „ამცახარა“ მიიჩნევს, რომ 9 ოქტომბერს გამართულ ინაუგურაციას არანაირი იურიდიული ძალა არ აქვს.

რაულ ხაჯიმბას მიერ ე.წ. პრეზიდენტის ფიცის დადების ცერემონიას დაესწრნენ რუსეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის, დნესტრისპირეთის, მთიანი ყარაბაღის, დონეცკისა და ლუგანსკის სეპარატისტული რესპუბლიკების წარმომადგენლები.

რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში დე ფაქტო პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური 8 სექტემბერს ჩატარდა. გამარჯვებულად გამოცხადდა მოქმედი დე ფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა, რომელსაც ე.წ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ხმა მისცა 47.39%-მა. ე.წ. არჩევნების შედეგები არ აღიარა ხაჯიმბას ოპოზიციამ, რომლის კანდიდატი იყო პარტია „ამცახარის“ ლიდერი ალხას კვიცინია.

XS
SM
MD
LG