Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო ბოლივუდის კამერაში


საქართველო ბოლივუდის კამერაში
please wait

No media source currently available

0:00 0:03:53 0:00

იმ წლებში, როცა საქართველოს კინოთეატრებში ინდურ ფილმებს უჩვენებდნენ, ბოლივუდური კინოს ფანები, ალბათ, ძნელად წარმოიდგენდნენ, რომ რომელიღაც კადრში უცებ მცხეთის ჯვრის მონასტერს თუ თბილისის თავისუფლების მოედანს ან, მაგალითად, ბათუმის სანაპიროს მოჰკრავდნენ თვალს. დღეს ეს ჩვეულებრივი ამბავია - ბოლივუდი საქართველოში იღებს შედარებით იაფად, ვიდრე, მაგალითად, ევროპაში. უფრო ადვილია ქუჩებში გადაღების უფლების მოპოვება. ბოლივუდის ვარსკვლავებს, ინდოეთისგან განსხვავებით, აქ ფანები არ აწუხებენ, სახელმწიფო პროგრამა „გადაიღე საქართველოში“ კი მათ ქეშ რიბეითის მექანიზმს სთავაზობს, რაც იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფო კომპანიას უკან უბრუნებს აქ დახარჯული კვალიფიციური თანხების, რომელიც გადასახადების სახით არის გადახდილი, 20-25 პროცენტს. და რაც, მთავარია, ბოლივუდს მოსწონს ის, რომ რამდენიმე საათის სავალ მანძილზეა ზღვა, მთა და სათხილამური კურორტები თუ დედაქალაქი, თავისი ეკლექტური არქიტექტურით. დღეს ბოლივუდის ფილმებში სვანეთის მთებიც მოჩანს, ბათუმის რივიერაც, რუსთაველის გამზირიც, მდინარე მტკვარიც, თბილისური ღამის კლუბები და ძველი თბილისის ქუჩებიც. ინდურმა კინოწარმოებამ საქართველოში, დაახლოებით, 10 სრულმეტრაჟიანი ფილმი და, დაახლოებით, 70-მდე ვიდეო გადაიღო. მათგან ბიუჯეტში შემოსული თანხა ათეულობით მილიონი ლარია. ინტერესი ისევ არსებობს და მოლაპარაკებებიც ახალ პროექტებზე გრძელდება. ერთ-ერთი ბოლო ისტორიული ფილმის ბატალური სცენებიც საქართველოში, კასპთან ახლოს, გადაიღეს - ფილმის პრემიერა სულ მალე, ოქტომბერში უნდა გაიმართოს. არადა, წლების წინ, როდესაც კინოპროდიუსერმა და ინდური კინოს დიდმა მოყვარულმა დავით ბეჟიტაშვილმა საქართველოში ბოლივუდის ვარსკვლავი რავი გუპტა ჩამოიყვანა, ბოლივუდის მომავალს საქართველოში ბევრი სკეპტიკურად უყურებდა. ერთ-ერთ პირველ ბოლივუდურ პროექტზე („ბილა 2“) იმუშავა, მაგალითად, „მეტრო პროდაქშენმა“. მისი ერთ-ერთი დამფუძნებელი და კინოპროდიუსერი სანდრო გაბილაია იხსენებს, როგორ იღებდნენ ისეთ ადგილებში, სადაც ტურიზმი საერთოდ არ იყო განვითარებული, და როგორ გამოაცოცხლა კინოგადაღების დღეებმა იქაურობა. „მეტრო პროდაქშენი“ დღეს უმეტესად ევროპულ პროექტებზე მუშაობს და, როგორც სანდრო გაბილაიამაც უთხრა რადიო თავისუფლებას, ნელ-ნელა საქართველოს გადასაღები მოედნები ევროპისა და ამერიკის კინოინდუსტრიების ყურადღებასაც იქცევს. რადიო თავისუფლებას თათია ბიძინაშვილმა, პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ხელმძღვანელმა, ისიც უთხრა, რომ პროგრამას უკვე 21 მონაწილე ჰყავს, მათ შორის საფრანგეთის, გერმანიის, შვედეთის, ინდოეთისა და ჩინეთის კინოპროდუქციები. გადაღებული ფილმების ნახევარი ინდური ან ჩინურია, ნახევარი კი - ევროპული.

XS
SM
MD
LG