უკრაინაში სპეცოპერაციის დროს მოკლული საქართველოს მოქალაქე შოთა ჭიჭიაშვილია. ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.
სამინისტროს ცნობით, უკრაინულ მხარესთან ამ საკითხზე კომუნიკაცია უკვე შედგა.
უკრაინული მედიის ცნობით, საქართველოს მოქალაქემ სამართალდამცველებს ცეცხლი გაუხსნა. შემთხვევა 1 ოქტომბერს სოფელ ხოტიანოვკაში მოხდა. როგორც ცნობილია, სპეცოპერაციის ფარგლებში პოლიცია ეძებდა მამაკაცს, რომელმაც მიმდინარე წლის 23 სექტემბერს ცეცხლი გაუხსნა სამართალდამცველებს.
„ეს არის საქართველოს მოქალაქე, რომელსაც სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაულისთვის 22 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი დანაშაულებრივი დაჯგუფების, ადამიანთა გატაცებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ ფლობის გამო. ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ იგი სოფელ ხოტიანოვკაში იმალებოდა, მის დასაკავებლად სპეცოპერაცია დაიგეგმა პროკურატურასთან შეთანხმებით“, - განაცხადა კიევის პოლიციის ხელმძღვანელმა ანდრეი კრიშჩენკომ.
მისივე თქმით, პოლიციამ მას შესთავაზა დანებება, თუმცა, საქართველოს მოქალაქემ ცეცხლი გახსნა სამართალდამცველების წინააღმდეგ, საპასუხოდ კი სპეცრაზმმა მისი ლიკვიდირება მოახდინა. დაშავებულია ორი სამართალდამცველი.
მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.
2005 წლის 21 იანვარს საქართველოს უზენაესი სასამართლოს კოლეგიამ, მოსამართლე იური ტაბუციძის ხელმძღვანელობით, საინფორმაციო საშუალებების მიერ “საქართველოს ნომერ პირველ ტერორისტად” წოდებულ მევლუდ (შოთა) ჭიჭიაშვილს განაჩენი გამოუტანა. ჭიჭიაშვილს ბრალი ედებოდა ადამიანის გატაცებაში, მკვლელობასა და ბანდიტიზმში. მათ შორის ყველაზე გახმაურებული, 2000 წელს, გამოსასყიდის მიღების მიზნით, ესპანელი ბიზნესმენების, ფრანცისკო როდრიგესისა და ანტონიო ტრიმილიოს, გატაცების ფაქტია. განსასჯელმა დანაშაული მხოლოდ ერთ ეპიზოდში აღიარა, ისიც ნაწილობრივ. სხვა 23 ეპიზოდში ჭიჭიაშვილი თავს დამნაშავედ არ ცნობდა.
2013 წლის დასაწყისში შოთა ჭიჭიაშვილს ამნისტია შეეხო და პატიმრობიდან ვადაზე ადრე გათავისუფლდა. შოთა ჭიჭიაშვილის სახელი უკავშირდება ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტის გიორგი სანაიას მკვლელობასაც.