სტრასბურგის სასამართლომ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის არსებითი განხილვის გადაწყვეტილება მიიღო - ეს ინფორმაცია ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2019 წლის 27 სექტემბრით დათარიღებული ოფიციალური წერილით აცნობა ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრს (EMC). არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, გადაწყვეტილება 23 სექტემბერს არის მიღებული და უკვე დაწყებულია კომუნიკაციის პროცესი საქართველოს მთავრობასთან.
EMC-ში აცხადებენ, რომ:
- „ევროპულმა სასამართლომ, განაცხადში დაყენებულ ყველა მუხლთან დაკავშირებით კითხვებით მიმართა მთავრობას და მოითხოვა თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის მოსპობის საქმეზე მიმდინარე გამოძიების მასალების, მათ შორის სპეცოპერაციის დაგეგმვასა და განხორციელებასთან დაკავშირებული დოკუმენტების წარდგენა“;
- „ევროპულმა სასამართლომ საქმის არსებითი განხილვა დროულად და პრიორიტეტულად დაიწყო, რაც, მათ შორის, ამ საქმეზე უფლების დარღვევის სიმძიმეს და კონვენციისთვის სიცოცხლის უფლების დაცვის მაღალ ხარისხსა და მნიშვნელობას უკავშირდება“.
2017 წლის 26 დეკემბერს, პანკისის ხეობის სოფელ დუისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის განაცხადი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში 2019 წლის 6 ივნისს შევიდა. დავა შეეხება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის შემდეგ მუხლებს:
- მე-2 მუხლი (სიცოცხლის უფლება),
- მე-3 მუხლი (წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის აკრძალვა),
- მე-13 მუხლი (უფლება ეფექტიანი სამართლებრივი დაცვის შიდა საშუალებებზე).
„განმცხადებლების მითითებით, 2017 წლის 26 დეკემბერს სოფელ დუისში სპეცოპერაციის ჩატარებისას თემირლან მაჩალიკაშვილის წინააღმდეგ სახელმწიფომ გამოიყენა არაპროპორციული და გაუმართლებელი ლეტალური ძალა, რაც ეწინააღმდეგება კონვენციის მე-2 მუხლს. ოჯახის წევრები ასევე დავობენ კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევაზე, სპეცოპერაციის განსაკუთრებით აგრესიულ და დამამცირებელ გარემოებებში წარმართვის გამო. დამატებით, განმცხადებლები მიუთითებენ, რომ სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო ზემოთ მითითებული გარემოებების თაობაზე ეფექტიანი გამოძიების ჩატარება, რაც კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლების პროცედურული ნაწილისა და მე-13 მუხლის დარღვევას წარმოადგენს“, - აცხადებს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი, რომელიც თავიდანვე ადვოკატირებდა თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის ინტერესებს.
არავინ დასჯილა და, ოფიციალური ინფორმაციით, პროკურატურაში ჯერ ისევ მიმდინარეობს გამოძიება თემირლან მაჩალიკაშვილის სასიკვდილოდ დაჭრის ფაქტზე. გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლი და, კერძოდ, გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტებას იარაღის გამოყენებით.
„ამჟამად, მოცემულ საქმეზე კვლავ ინტენსიურად ტარდება ყველა საჭირო და შემხვედრი საგამოძიებო მოქმედებები, თუმცა გამოძიება დასკვნით ეტაპზეა და უახლოესი 2 თვის განმავლობაში მიღებული იქნება შემაჯამებელი გადაწყვეტილება“, - განაცხადა მთავარმა პროკურატურამ 6 მაისს, თითქმის 5 თვის წინ.
პარალელურად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება - თემირლან მაჩალიკაშვილის ბრალეულობის დასადგენად ტერორიზმის შესაძლო ხელშეწყობის მიმართულებით. ოჯახი და დაცვის მხარე, უკვე დიდი ხანია, უშედეგოდ ითხოვენ მშობლებისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას, რათა შესაძლებელი გახდეს საქმის მასალების გაცნობა.
EMC-ის განცხადებით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ახალი პრაქტიკის თანახმად, მხარეებს ეძლევათ 12 კვირის ვადა „მეგობრული მორიგების შესაძლო პირობებზე შესათანხმებლად“; ხოლო თუკი ეს ვერ მოხერხდება, საქართველოს მთავრობა ვალდებული იქნება, დამატებით 12-კვირიან ვადაში წარადგინოს თავისი პოზიცია განაცხადში მითითებულ გარემოებებთან დაკავშირებით.
მაჩალიკაშვილების ოჯახის ინტერესებს ევროპულ სასამართლოში იცავს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) და მისი საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაცია - ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული ცენტრი (EHRAC).