Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაფარული გარიგებები, კორუფციული სქემა და ვაჭრობა სასამართლოსთვის


ეკა ბესელია მეტს იტყვის, თუ ეს საჭირო იქნება - „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრმა და დღეს მმართველ პარტიასთან ღიად დაპირისპირებულმა დამოუკიდებელმა დეპუტატმა ჯერ ტელეკომპანია „პირველის“, შემდეგ კი ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში განაცხადა, რომ ხელისუფლებაზე კიდევ მეტი აქვს სათქმელი და უკან არ დაიხევს.

თუმცა ამ ორ ტელეეთერში ბესელიამ უკვე ილაპარაკა ისეთ დეტალებზე, რომლითაც, წესით, პროკურატურა უნდა დაინტერესდეს. რომელი ამბებიც, ბევრ უპასუხო კითხვას ტოვებს და ხელისუფლების საწინააღმდეგოდ მუშაობს. მათ შორის მთავარი, მისი პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული კადრების გავრცელება და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის საკითხებია - ორივე შემთხვევაში, კვალი, დეპუტატის თქმით, ხელისუფლებამდე მიდის.

ვანო ზარდიაშვილის მოგვარეები - ფარული ჩანაწერების საქმეში

26 სექტემბერს, ეკა ბესელიამ, ინგა გრიგოლიასა და ნიკა გვარამიასთან გადაცემებში პირდაპირ თქვა, რომ მისი პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოს ინტერნეტში გავრცელებაში დეპუტატ ვანო ზარდიაშვილის ხელი ურევია.

და რომ საქმეში, რომელიც ამ დრომდე არ არის გამოძიებული, ფიგურირებს ზარდიაშვილის მოგვარეების, ორი დის - ზარდიაშვილების სახელი. ისინი საქმეში მოწმეებად დაკითხეს, მათ აღიარეს, რომ ბესელიას პირადი ცხოვრების ვიდეო ერთმანეთს გაუზიარეს, თუმცა, მათ ბრალი, განსხვავებით სხვა ახალგაზრდებისგან, ვინც ეს ვიდეო ასევე გაავრცელეს, წარდგენილი არა აქვთ.

ეკა ბესელიამ იცის, რომ ეს ვიდეო „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს ჩაწერეს, თუმცა ის მაშინ არ გამოქვეყნებულა. კადრები საჯარო გახდა მას შემდეგ, რაც ეკა ბესელიას „ქართულ ოცნებასთან“ მოსამართლეთა სიის გამო ურთიერთობა დაეძაბა და მან „კლანის“ წინააღმდეგ ღია ბრძოლა გამოაცხადა.

ორივე ტელეეთერში ეკა ბესელიას დაუსვეს შეკითხვა, შეიძლებოდა თუ ეს კადრები ბიძინა ივანიშვილის ნებართვის გარეშე გავრცელებულიყო და მას ეს არ სცოდნოდა?

ამ კითხვაზე ბესელია პასუხობს, რომ „ამის დაჯერება არ სურს, რადგან ეს ნიშნავს დაიჯეროს, რომ ბოლო 7 წელი ყველაზე ამორალური ადამიანის გვერდით იდგა“:

„ამის სათქმელად კონკრეტული მტკიცებულება მჭირდება. თუმცა ლოგიკურ ჯაჭვს ამ ეჭვამდე მივყავარ“, - განაცხადა მან „მთავარის“ ეთერში“.

ვიდეოკადრების გავრცელების შემდეგ ეკა ბესელია ბიძინა ივანიშვილს ხვდება. ის მას აძლევს პირობას, რომ საქმეს გამოიძიებენ. თუმცა ეუბნება ფრაზას: „ეკა, გაჩერდი, თორემ მე შენ ვერ დაგიცავ“.

ზუსტად ერთ თვეში - იგივე კადრები ინტერნეტში ხელახლა გავრცელდა.

„ივანიშვილი ჩინჩალაძის გაყვანას მთხოვდა“ - არაფორმალური შეხვედრის დეტალები

არაფორმალურ შეხვედრას „ქართული ოცნების“ თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან, სადაც, როგორც ეკა ბესელია აცხადებს, ძალიან დაძაბული საუბარი მიდიოდა მოსამართლეების თაობაზე, კიდევ ერთი დეპუტატი - თამარ ჩუგოშვილი ესწრებოდა. ბესელიამ ეს ამბავიც პირველად მოყვა საჯაროდ. დეპუტატი ამბობს, რომ მას პირადად ივანიშვილმა სთხოვა ათიდან ხუთი მოსამართლე მაინც გაგვაყვანინე და მათ შორის, მიხელ ჩინჩალაძეო.

„მე ვთქვი, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების ამ ათკაციან სიას მე არ გავატანინებდი. და მივიღე პირობა, რომ ჩინჩალაძე არ მოხვდებოდა პარლამენტში მეორედ შემოსულ სიაში“.

ეკა ბესელია ამბობს, რომ სწორედ ამ სიას შეეწირა მისი თანამდებობა.და ამის გამო დატოვა პარტიაც. და რომ მას შეეძლო ყველაფრის მიღება - ამ ათკაციანი სიის მხარდაჭერის სანაცვლოდ.

ზარდიაშვილი და „ორი ბატონი“

წითელი ხაზი ეკა ბესელიამ ვანო ზარდიაშვილთან გაავლო მას შემდეგ, რაც როგორც დეპუტატი ამბობს, ზარდიაშვილი მის კაბინეტში შევიდა და უთხრა, „ჩვენ, სასამართლოს, ორი ბატონი გვეყოლება, რომლის ყველა სიტყვას შევასრულებთ, ივანიშვილი და შენ, ოღონდ ჩვენთან უნდა იმეგობროო“.

ამ საუბრის შემდეგ, ეკა ბესელიას თქმით, მან ზარდიაშვილს კაბინეტი დაატოვებინა.

დეპუტატის გავლენა სასამართლოსთან საქმის მოსაგვარებლად

დეპუტატის მანდატის გამოყენებით, სასამართლოსა და პროკურატურასთან საქმეების მოგვარებით ვანო ზარდიაშვილის გარდა სხვებიც არიან დაკავებულები - ამბობს ეკა ბესელია. მათ შორის, მამუკა მდინარაძე, დავით მათიკაშვილი.

„თუ დეპუტატებს, ამ მათ ახლობლებს შეექმნებოდათ რაიმე პრობლემა სასამართლოში, მათ ამ საქმეებს ეს დეპუტატები მარტივად უგვარებდნენ: „ამბობდნენ კიდეც, რომ ბუღალტერია უნდა ვაწარმოოთ ვის რას "ვუგვარებთო“.

ბიძინა ივანიშვილმა ეს ამბავი თავად ეკა ბესელიასგან გაიგო. „მაგათ მოხვდებათო“ - ასე გამოეხმაურა თურმე ივანიშვილი ამ ცნობას.

ეკა ბესელია ყველაფრის მოყოლას გეგმავს პროკურატურაში და ამბობს, რომ ზეგავლენით ვაჭრობა კორუფციული სქემის ნაწილია, რითიც გამოძიება უნდა დაინტერესდეს.

ჩაშლილი გარიგება: დიდი მიწა იაფად

როცა „ქართული ოცნების“ წევრების კორუფციულ სქემებში ჩართულობაზე მინიშნებას აკეთებს, ეკა ბესელია სხვა კონკრეტულ მაგალითებსაც გულისხმობს და ერთ-ერთი ღიად დაასახელა კიდეც.

მისი სიტყვებით, ვანო ზარდიაშვილის და მიხეილ ჩინჩალაძის „კლანს“ ერთ-ერთი დიდი გეგმა ჩაეშალათ - მათ სურდათ სახელმწიფოსგან რამდენიმე ჰექტარი მიწა ან უფასოდ ან გროშების ფასად მიეღოთ.

ეკა ბესელია პროკურატურას ამ საქმით დაინტერესებასაც ურჩევს.

ტელეეთერებში ბესელიას ეს საჯარო განცხადებები მოჰყვა 26 სექტემბერს, პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე ფიზიკურ დაპირისპირებას მასა და დეპუტატ ვანო ზარდიაშვილს შორის.

ეკა ბესელია ვანო ზარდიაშვილს მიუახლოვდა და ხელით შეეხო მას შემდეგ, რაც მისგან გაისმა ფრაზა „ბესელიას მორალი“. ბესელიამ კი მას „ნაძირალა“ უწოდა.

ამ კომიტეტზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ერთ-ერთ კანდიდატს, მირანდა ერემაძეს უსმენდნენ.

ეკა ბესელია პირობას დებს, რომ მოსამართლეების ამ სიას პარლამენტი ვერ დაამტკიცებს.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG