Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსამართლე შოთა გეწაძე მურუსიძეზე: სიტყვა ლიდერი არ მხვდება კარგად [ყურში]


პარლამენტის იურიდიულ კომიტეტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენაზე, პარლამენტარ ბექა ნაცვლიშვილის კითხვაზე, რომელიც 2012 წლის შემდეგ სასამართლოში მიმდინარე პროცესებში ლევან მურუსიძის როლს შეეხებოდა, მოსამართლე შოთა გეწაძემ უპასუხა, რომ სიტყვა ლიდერი მურუსიძესთან მიმართებით არ მოსწონს.

„რაც გნებავთ ის გამოიყენეთ, თუ გინდათ ლიდერი გამოიყენეთ, ოღონდ კარგი გაგებით. ბატონ ლევანს თავისი უნარ-ჩვევებით, გულწრფელობით, გულახდილობით, ასევე ის ძალიან კარგი იურისტია, სამართლებრივად მე ვიცი მისი შესაძლებლობები, ასე ვთქვათ, მან იაქტიურა გარკვეულწილად უფრო ცნობადი იყო, უფრო აქტიურობდა სხვებთან შედარებით. თუ ამაში იგულისხმება ლიდერობა, კი ბატონო, მაგრამ აი, ის ლიდერი, რაც ძალიან ცუდად გაჟღერდა, სად სასამართლო და სად ლიდერი, აი, ამ ლიდერობას მე არ ვეთანხმები“, - თქვა გეწაძემ.

შოთა გეწაძეს ამავე სხდომაზე „ევროპული საქართველოს“ წევრმა, პარლამენტარმა ოთარ კახიძემ ჰკითხა, რას ფიქრობდა წინასაარჩევნო პერიოდში ლევან მურუსიძის პოლიტიკურ დებატებში მონაწილეობასთან დაკავშირებით, რაც მას პროფესიული ეთიკის თანახმად ეკრძალებოდა, რაზეც გეწაძემ გერმანელი მწერლისა და მოაზროვნის, იოჰან ვოლფგანგ გოეთეს ფრაზით უპასუხა.

25 სექტემბერს, იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტში დეპუტატები შეკითხვებს უსვამენ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, შოთა გეწაძეს. ის უკვე მესამე კანდიდატია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ პარლამენტში გადაგზავნილი სიიდან.

შოთა გეწაძე თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლეა. სხვადასხვა დროს ის მუშაობდა მცხეთის რაიონულ სასამართლოში, იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე და ამავე სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარე. 2011-2017 წლებში მოსამართლე შოთა გეწაძე იყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი.

მოსამართლეობის კანდიდატთა პირველი 10-კაციანი სიის განხილვას პარლამენტში პრობლემები შეექმნა 2018 წლის დეკემბერში. 2019 წლის 4 სექტემბერს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, კენჭისყრის შედეგად შედგა ახალი 20-კაციანი სია.

XS
SM
MD
LG