Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნადირაშვილი: პარტნიორი, რომელსაც გაბუნიამდე მიჰქონდა პატიმრების საქმე, სალია არ არის


„ჩემს წყაროს უთხრეს, რომ მსჯავრდებულის შეწყალების მარტივი გზა დიმიტრი გაბუნიას ერთ-ერთ პარტნიორთან დაკავშირება იყო“, - აცხადებს „ევროპული საქართველოს“ წევრი ირმა ნადირაშვილი, რომელიც 23 სექტემბერს გენერალურ პროკურატურაში გამოიკითხა პრეზიდენტის სკანდალური შეწყალების საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში.

გამოკითხვიდან გამოსული ირმა ნადირაშვილი ამბობს, რომ ერთი პირის, მმართველი პარტიის თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის გადასაწყვეტია, მოსთხოვს თუ არა პასუხს გამოძიება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და მის საპარლამენტო მდივანს დიმიტრი გაბუნიას მარიამობისთვის შეწყალებული პატიმრების საქმეზე.

„ვნახოთ, დაიბარებენ თუ არა ბატონ გაბუნიას და პრეზიდენტს პროკურატურაში ახსნა -განმარტებების მისაცემად. გამოცდილება გვაქვს ცუდი, როდესაც ასეთი ტიპის საქმეები თაროზე დევს და მხოლოდ პასუხებს ვისმენთ, რომ გამოძიება მიმდინარეობს“.

საკუთარ წყაროზე დაყრდნობით, ირმა ნადირაშვილი ლაპარაკობს იმ სქემის შესახებ, რომლითაც, მისი თქმით, ხდება მსჯავრდებულების შეწყალება:

„პროკურატურაში წყარო არ დამისახელებია. მე კანონი მაძლევს უფლებას, დავტოვო ჩემი წყარო საიდუმლოდ. არ მინდა, რომ ეს ადამიანი დევნის ობიექტი გახდეს ამ ქვეყანაში. ჩემმა წყარომ მითხრა, რომ თვითონაც უნდოდა დახმარებოდა მის ახლობელ ოჯახს და პატიმარს შეწყალებაში, დაუკავშირდა ერთ-ერთ ადვოკატს ინფორმაციის მისაღებად, თუ რა საბუთები იყო საჭირო და ადვოკატმა უთხრა, რომ ასე კი არ უნდა მოქცეულიყო, არამედ სხვა, ძალინ მარტივი გზა აერჩია, უნდა დაჰკავშირებოდა დიმიტრი გაბუნიას ერთ-ერთ პარტნიორს, რომელთან ერთადაც გაბუნიას საადვოკატო ბიურო ჰქონდა და ამ პარტნიორის საშუალებით გავიდოდა გაბუნიაზე და ასეთი წესით მიიღებდა შეწყალებას. მას უთხრეს, რომ კონტაქტი ხდება პარტნიორთან. პარტნიორს მიაქვს ამბავი გაბუნიამდე და შემდგ კანტორა, რომელსაც პრეზიდენტის ადმინისტრაციას ეძახით დღეს, იქცევა „პატიოსნად“ და ფულს იღებენ მხოლოდ მას შემდეგ, რაც მსჯავრდებული დატოვებს პენიტენციალურ დაწესებულებას“.

ირმა ნადირაშვილის თქმით, აღნიშნული პარტნიორი არ არის ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი პაატა სალია. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გაბუნიას პარტნიორი, რომელიც შესაძლოა შეწყალების საქმეში ყოფილიყო ჩართული, იყო პაატა სალია, რამდენიმე დღის წინ ტელეკომპანია „მთავარმა“ გაავრცელა.

„ეს პარტნიორი პაატა სალია არ გახლავთ. ვიცი, ვინც არის, მაგრამ მე ვერ დაგეხმარებით ისეთი ინფორმაციის მოწოდებაში, რაც პროკურატურას ჩემი წყაროს იდენტიფიცირებაში დაეხმარება“.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დიმიტრი გაბუნია უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას მსჯავრდებულთა შეწყალების პროცესში მის მონაწილეობასთან დაკავშირებით და აცხადებს, რომ ის „ცამდე მართალია“ და საქმის გამოძიება „სიკვდილ-სიცოცხლის საქმეა“:

„საზოგადოებასთან ერთად მეც მაინტერესებს, ვინ შეადგინა ეს სია, ვინ დაუდო პრეზიდენტს ეს სია და რატომ მოხდა ეს. შვებულებიდან რომ ჩამოვედი, თათბირზეც და პრეზიდენტსაც პირადად ვუთხარი, რომ ჩემთვის ეს გადაწყვეტილებები არის მიუღებელი, მან არაფერი არ მიპასუხა, ეს მისი დისკრეციული უფლებამოსილებაა და მე პასუხი ვერ მივიღე“, - განაცხადა დიმიტრი გაბუნიამ რამდენიმედღიანი დუმილის შემდეგ.

20 სექტემბერს გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო 2019 წლის 28 აგვისტოს მსჯავრდებულების რამაზ დევაძის, ასლან ბეჟანიძის, ზურაბ ნადირაძის და სხვა პირთა შეწყალების პროცესში სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე.

19 სექტემბერს პარლამენტის დეპუტატმა „ევროპული საქართველოდან“ ირმა ნადირაშვილმა გენერალურ პროკურატურაში შეიტანა განცხადება პატიმართა შეწყალებასთან პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, დიმიტრი გაბუნიას შესაძლო კორუფციული კავშირის გამოსაძიებლად.

XS
SM
MD
LG