„მთელი წლის განმავლობაში ვცდილობდით პროკურატურისგან მიგვეღო ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობასთან დაკავშირებით, თუმცა, პროკურატურიდან მიღებული პასუხებით შეუძლებელი იყო ზუსტად იმის შეფასება, რამდენად ეფექტურად მიმდინარეობდა საგამოძიებო პროცესი“, - განაცხადა პარლამენტში 2018 წელს ადამიანის უფლებათა მდგომარეობის ანგარიშის წარდგენისას საქართველოს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ. მისი თქმით, სახალხო დამცველისთვის პროკურატურის მიერ გაგზავნილი ინფორმაცია იყო მშრალი, ზედაპირული და არაინფორმატიული.
ნინო ლომჯარია მიიჩნევს, რომ პარლამენტმა გენერალური პროკურორი უნდა დაიბაროს და მისგან მოისმინოს პასუხები, რატომ ვერ დასრულდა პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციისას გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის გამოძიება.
„ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება გამოიყენოთ ის უფლება, რაც გაქვთ პროკურატურასთან მიმართებით. კერძოდ, წლიური ანგარიშის განხილვის მოსმენა. უნდა მოითხოვოთ გენერალური პროკურორისგან, რომ წარმოადგინოს ანგარიში და ამ ჭრილში გექნებათ შესაძლებლობა განიხილოთ იმ საქმეების გამოძიებაც, სადაც ჩანს სისტემური პრობლემები პროკურატურაში“, - განაცხადა ლომჯარიამ.
სახალხო დამცველმა აღნიშნა ისიც, რომ პროკურატურამ გაზაფხულზე საქმის 2-თვეში დასრულების შესახებ განაცხადა, თუმცა გამოძიება ამ დრომდე არ დასრულებულა.