Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წულუკიანი: ერთი შეწყალებული ვერ გათავისუფლდებოდა, იმიტომ, რომ ის დღესაც არის ძებნილი


იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი „პირველი არხის“ ეთერში აფასებს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის შეწყალების აქტებს.

„შეწყალების უფლება ვერ იქნება ულიმიტო და უსაზღვრო, წინააღმდეგ შემთხვევაში მივალთ ისეთ სამწუხარო შედეგებამდე, როგორც მივედით მარიამობის შეწყალებამდე, როდესაც მკვლელობის მუხლით სამი ადამიანი იქნა შეწყალებული. რა თქმა უნდა, ჩვენ დღეს 2019 წელს, არ ვცხოვრობთ ასლან აბაშიძის ბათუმში, რომ პრეზიდენტმა შეიწყალოს პატიმარი და იუსტიციის სამინისტრომ (როგორც მაშინ ასანიძის შემთხვევაშ მოხდა) არ გაუღოს ციხის კარი. როდესაც ჩვენ ვიღებთ პრეზიდენტის შეწყალების აქტს, რა თქმა უნდა, ვაღებთ ციხის კარს", - განმარტავს თეა წულუკიანი.

წულუკიანი უკმაყოფილოა იმით, რომ პრეზიდენტმა მსჯავრდებულთა შეწყალებამდე იუსტიციის სამინისტროსთან კონსულტაცია არ გაიარა. მინისტრი აქვე ჰყვება პრეზიდენტის გადაწყვეტილების შედეგებს.

„მოლოდინი მე პირადად მქონდა, რომ აღდგომის და ახალი წლის შეწყალების მსგავსად, პრეზიდენტი ან მისი ადმინისტრაცია იკითხავდა აზრს: ეს პატიმარი ჩვენგან შეწყალებას ითხოვს და ნამდვილად შვილები ჰყავს, მაგალითად, სახლში? ნამდვილად ავად არის? ეს ჩვენ წინა ორი შეწყალებისას შეგვიმოწმებია და გვითქვამს, რომ არა, არ იტყუება, ნამდვილად მცირეწლოვანი ბავშვები ელოდებიან ამ პატიმარ ქალს სახლში. ამ შემთხვევაში ამგვარი კონტაქტიც არ შემდგარა მარიამობის შეწყალებაზე. ჩვენ პირდაპირ მივიღეთ პრეზიდენტისგან ხელმოწერილი აქტი, რის შემდეგაც 24 პირიდან 23 პირი გათავისუფლდა საპატიმროდან, ერთი ვერ გათავისუფლდებოდა, იმიტომ, რომ ის დღესაც არის ძებნილი", - ამბობს წულუკიანი.

სალომე ზურაბიშვილმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით 34 მსჯავრდებული შეიწყალა.

განსაკუთრებული უკმაყოფილება მოჰყვა ბათუმელი პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებულის, რამაზ დევაძის შეწყალებას.

შედეგად სალომე ზურაბიშვილი შეწყალების საკითხის დარეგულირების მიზნით, ახალი ინიციატივით გამოვიდა.

16 სექტემბერს კი ადვოკატმა ირაკლი ჩომახაშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ შეწყალებულთა შორის არის დავით ოთხმეზურის მკვლელობაში მსჯავრდებული ასლან ბეჟანიძე.

„მთავარმა არხმა“ 17 სექტემბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა მკვლელობაში მსჯავრდებული ზურაბ ნადირაძე.

XS
SM
MD
LG