Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინაშვილი: კრამერები და ბრაიზები ძალზედ აზიანებენ ჩვენს გულწრფელ გრძნობებს


პრორუსული პარტიის, "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი, ირმა ინაშვილი 15 სექტემბერს ამერიკის საელჩოსთან აქციის გამართვას გეგმავს, რომელიც ერთის მხრივ დევიდ კრამერის და მეთიუ ბრაიზას წინააღმდეგ არის მიმართული, მეორე მხრივ კი ითხოვს, შეწყვიტონ ამერიკელებმა "სააკაშვილი-ბოკერიას" მხარდაჭერა.

"სიმბოლურია, რომ ჩვენი შეკრება დემოკრატიის საერთაშორისო დღეს ემთხვევა. ჩვენ ვიკრიბებით სწორედაც რომ დემოკრატიული ღირებულებების მხარდასაჭერად და დასაცავად!

ჩვენ ვიკრიბებით, რათა ვუთხრათ ჩვენს ამერიკელ პარტნიორებს: უნდა დაასრულოთ მწამებელთა პარტიების მხარდაჭერა! უნდა დაინახოთ, შეიგრძნოთ ქართველი ხალხის გულისტკივილი და ბრაზი, რაც გამოწვეულია სრულიად ნათელი და სამწუხარო გარემოებით:
2012 წლამდე და 2012 წლის შემდგომ, გამუდმებით აძლევთ სტიმულს და ახალისებთ მწამებელთა პარტიებს. ამ პარტიების ლიდერები აწამებდნენ და კლავდნენ ადამიანებს, ეს არაა ევროპული, დასავლური აზროვნება.

უნდა გააცნობიეროთ, რომ ჩვენ პატივს ვცემთ ჩვენი სამშობლოს მეგობრებს, მაგრამ კრამერები და ბრაიზები (რომლებიც გვესმის, რომ ამერიკაშიც ბოკერია-სააკაშვილები არიან), ძალზედ აზიანებენ ჩვენს გულწრფელ გრძნობებს და ჩვენს ურთიერთობას. მათი უკიდეგანო თავხედობა და უპატივცემულობა იწვევს ჩვენს აღშფოთებას.
ჩვენ არა ვართ კრამერების და ბრაიზების კოლონია, ჩვენი დირექტორები არ არიან კრამერები და ბრაიზები.

15 სექტემბერის აქცია, რა თქმა უნდა, მშვიდობიანი აქციაა. ქართველ ხალხს ნამდვილად არ ეშლება, ცივილურად და კულტურულად როგორ გამოხატოს მისი სათქმელი." - წერს ირმა ინაშვილი პირად ფეისბუქ გვერდზე.

პატრიოტთა ალიანსმა საპროტესტო აქცია დევიდ კრამერის საწინააღმდეგოდ უკვე გამართა 12 სექტემბერს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, სადაც ისინი მოითხოვდნენ პერსონა ნონ გრატად გამოცხადდეს დევიდ კრამერი, ფლორიდის საერთაშორისო უნივერსტეტის უფროსი მკვლევარი;

ირმა ინაშვილმა დევიდ კრამერის წინააღმდეგ განცხადებების გაკეთება და აქციების ორგანიზება მას შემდეგ დაიწყო, რაც მაკკეინის ინსტიტუტისა და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის ერთობლიც კონფერენციაზე სასტუმრო რუმსში შეჭრილ პარლამენტარს დევიდ კრამერმა ტერიტორიის დატოვება სთხოვა, როგორც კონფერენციაზე არარეგისტრირებულ ვიზიტორს, რომელიც როგორც მოგვიანებით განმარტა, უხეშად იქცეოდა და გარშემომყოფებს შეურაცხყოფას აყენებდა. ირმა ინაშვილმა კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლა ითხოვა, როგორც თვითონ თქვა იმის სათქმელად, რომ გიგა ბოკერია მასზე წინა დღეს ტყუილებს ლაპარაკობდა და თავად თავი ვალდებულად ჩათვალა, ამერიკელი პარტნიორებისთვის შეეხსენებინა "სააკაშვილი-ბოკერიას" რეჟიმის დანაშაულებები;

მოგვიანებით მეთიუ ბრაიზამ თქვა, რომ ირმა ინაშვილი ასეთი საქციელის გამო მის ქვეყანაში ციხეში მოხვდებოდა.

XS
SM
MD
LG