Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩეხეთის პროკურატურამ შეწყვიტა ქვეყნის პრემიერის საქმის გამოძიება


ჩეხეთის პროკურატურამ შეწყვიტა ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ანდრეი ბაბიშის საქმის გამოძიება. მას ბრალად ედებოდა თაღლითობა ევროკავშირის სახსრებით.

როგორც 13 სექტემბერს პრაღაში პროკურატურის წარმომადგენელმა განაცხადა, გამოძიება მივიდა დასკვნამდე, რომ ბაბიშის საოჯახო ფირმა „ყარყატის ბუდე“ იყო „მცირე და საშუალო საწარმო“ და, შესაბამისად, ჰქონდა უფლება, ევროკავშირისთვის ეთხოვა თანხა ბიზნესის გასავითარებლად. ასევე შეწყდა ბაბიშის ცოლის და მისი სხვა ნათესავების წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი საქმის წარმოება.

ბაბიშის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა 2017 წელს. პოლიტიკოსს, ჩეხეთის ერთ-ერთი უმდიდრეს ადამიანს, ბრალად ედებოდა, რომ ევროკავშირი შეცდომაში შეიყვანა და მიიღო მისგან 50 მილიონი ევრო დასასვენებელი კომპლექსის „ყარყატის ბუდის“ ასაშენებლად. 2017 წელს, ბრალდების მიუხედავად, მისმა პარტიამ არჩევნები მოიგო, შექმნა მმართველი კოალიცია და ოპოზიციის წინააღმდეგობის მიუხედავად, ბაბიში გახდა პრემიერი.

2019 წელს მან იუსტიციის მინისტრი შეცვალა მისთვის ლოიალური პირით. ოპოზიციის თანახმად, ამის მიზანი მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტა იყო. ბაბიშის წინააღმდეგ იმართებოდა მასობრივი დემონსტრაციები.

ბაბიში, რომელსაც მხარს უჭერს პრეზიდენტი ზემანი, თანამდებობაზე დარჩა.

XS
SM
MD
LG