Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროკურატურა „მუქარის წერილის“ საკითხზე მამუკა ხაზარაძეს პასუხობს


საქართველოს პროკურატურა საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელს, მამუკა ხაზარაძეს პასუხობს.

პროკურატურის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ „სიმართლეს არ შეესაბამება მამუკა ხაზარაძის განცხადებები, თითქოს პროკურატურამ არ დაიწყო გამოძიება ეგრეთ წოდებულ წერილთან დაკავშირებით. მამუკა ხაზარაძის მიერ წარმოდგენილი „დოკუმენტი” დაუყოვნებლივ დაერთო მოქმედ სისხლის სამართლის საქმეს, რაც პროცესუალურად ნიშნავს, რომ მასზე გამოძიება დაწყებულია და გრძელდება. გამოძიების მიმდინარეობის კიდევ ერთი დასტურია ის გარემოება, რომ მამუკა ხაზარაძე ამ ფაქტზე სასამართლოში გამოიკითხა მოწმის სახით. მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად, მოწმე იკითხება მხოლოდ მოქმედი, დაწყებული გამოძიების ფარგლებში“.

პროკურატურის განცხადების თანახმად, „ამ ეპიზოდის სრულყოფილად და ობიექტურად გამოძიება განზრახ შეაფერხა თავად მამუკა ხაზარაძემ, რომელმაც არ ითანამშრომლა გამოძიებასთან, მოსამართლის წინაშე დაკითხვისას არ წარმოადგინა ე.წ. წერილის ორიგინალი და, ამასთან, კატეგორიული უარი განაცხადა შუამავლის დასახელებაზე. ამის გამო, პროკურატურა მოკლებულია შესაძლებლობას, დანიშნოს შესაბამისი ექსპერტიზები ე.წ. წერილთან დაკავშირებით და გამოკითხოს მოწმეები“.

საგამოძიებო ორგანოში მიიჩნევენ, რომ გაუგებარი და სამართლებრივ ჩარჩოებს აცდენილია მამუკა ხაზარაძის მოთხოვნები იმის შესახებ, რომ ის მხოლოდ განსაკუთრებული წესით წარმართულ საგამოძიებო მოქმედებებში მიიღებს მონაწილეობას.

პროკურატურის შეფასებით, ეს პოზიცია სრულ წინააღმდეგობაში მოდის მოქმედი სისხლის სამართლის მატერიალურ და საპროცესო კოდექსებთან.

„უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის საქმეზე პროკურატურა გამოძიებას აწარმოებს კანონმდებლობის სრული შესაბამისობით და არანაირი საგამონაკლისო წესი პიროვნების საზოგადოებრივი, პოლიტიკური თუ ქონებრივი სტატუსის მიუხედავად არ დაიშვება“, - ნათქვამია განცხადებაში.

მამუკა ხაზარაძემ „ტვ პირველის“ ეთერში 12 სექტემბერს გაიხსენა წერილთან დაკავშირებული ამბავი.

ბიზნესმენი ამბობს, რომ პარლამენტში წერილის შესახებ საუბრის მეორე დღეს პროკურატურაში გამოიძახეს.

ხაზარაძის თქმით, „დაკითხვის დროს ადვოკატმა პროკურორს ჰკითხა, წერილის თემაზე ცალკე საქმე იქნება აღძრული?“

მამუკა ხაზარაძის განმარტებით, სხვადასხვა თემაა ფულის გათეთრება და წერილი.

„მათ გვიპასუხეს, რომ არა, ეს ერთი საქმეა. ცოტა გაკვირვებული დავრჩი, რატომ უნდა იყოს ერთი საქმე, ორი სხვადასხვა შინაარსის. მოსამართლის თვალწინ ვუთხარი წერილის მიღების შესახებ და ვის გავაცანი ის. მოგვიანებით, ბიზნესმენებსაც მოვუყევი. ამის შემდეგ პროკურორისგან ვიგებ, რომ ეს მთელი ისტორია არაფრისმომცემია“, - ამბობს მამუკა ხაზარაძე.

10 სექტემბერს თიბისი ბანკის დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის ადვოკატმა ეკა ეგუტიამ განაცხადა, რომ ლონდონში დასრულდა იმ წერილის ექსპერტიზა, რომელიც, მამუკა ხაზარაძის მტკიცებით, მას საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ, იმჟამინდელმა შს მინისტრმა გიორგი გახარიამ შუამავლის ხელით გაუგზავნა და რომელიც მუქარას შეიცავს.

ადვოკატის თქმით, ანაბეჭდების შესწავლას მოიცავდა. წერილის ორივე გვერდზე აღმოჩნდა ათეულობით ანაბეჭდი, რომლებიც ახლა უკვე საქართველოს პროკურატურამ უნდა შეადაროს საქართველოს მოქალაქეთა თითის ანაბეჭდების ბაზაში არსებულ მონაცემებს.

XS
SM
MD
LG