საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი „პატრიოტთა ალიანსიდან“ ირმა ინაშვილი ამერიკელი მკვლევრებისა და ყოფილი დიპლომატებისთვის ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვის ინიციატივით გამოდის.
„უნდა მომზადდეს კრამერის სია, დარეგისტრირდეს პარლამენტში და კენჭი ეყაროს. ამ სიაში უნდა შევიდეს მეთიუ ბრაიზაც და ყველა ის „პარტნიორი“, რომელიც ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ მწამებელ-ბოკერია-სააკაშვილებს უჭერს მხარს და ცინიკურად გვაიძულებს მათ შეყვარებას! ამ ხალხს უნდა აეკრძალოს საქართველოში შემოსვლა! აი, ამას გააკეთებს „პატრიოტთა ალიანსი“. ჩვენმა ამერიკელმა პარტნიორებმა ბოლოს და ბოლოს უნდა გააცნობიერონ, რომ ქართველ ხალხს დაუჭირონ მხარი! ვის შევიყვარებთ და ვის არა, ეს ქართველი ხალხის საქმეა!“ - წერს ირმა ინაშვილი „ფეისბუკზე“.
10 სექტემბერს ირმა ინაშვილი წინასწარი რეგისტრაციის გარეშე მივიდა სასტუმრო „რუმსში“ მიმდინარე თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე - „Now What?“
ინაშვილი უკმაყოფილი იყო იმით, რომ კონფერენციაზე „პატრიოტთა ალიანსის“ შესახებ საუბრობდნენ და, როგორც თავად აღნიშნა, პარტიის წარმომადგენელთა ციტატები დამახინჯებულად წარმოადგინეს. „ბატონ ბოკერიას ვუწოდებ მატყუარას და ცილის მწამებელს“, - თქვა ინაშვილმა.
ინაშვილისა და მედიაკავშირ „ობიექტივის“ თანამშრომლის გამოჩენით გამოწვეულ ჩოჩქოლზე მწვავე რეაქცია ჰქონდა ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის მკვლევარს, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწეს, დევიდ კრამერს. სწორედ ის იყო კონფერენციაზე ერთ-ერთი მოდერატორი.
საბოლოოდ, ირმა ინაშვილი კონფერენციაზე დაესწრო NATO-ს გაფართოების თემაზე გამართულ დისკუსიასაც და კითხვაც დასვა. ამასთან, მან დევიდ კრამერს ბოდიშის მოხდა მოსთხოვა.
„პატრიოტთა ალიანსი” 15 სექტემბერს თბილისში აშშ-ის საელჩოსთან მიტინგის ჩატარებას გეგმავს.